top of page

ფერია

(ეძღვნება ქართულ სილამაზეს)
.

თავის ბავშვობის ქალაქში, ვერაზე, ისეთი ულამაზესი თოჯინა ხვდებოდა, რომ ენა ვერ აღწერს:

თმაგაშლილს ხომ, საერთოდ, თვალს ვერ მოსწყვეტდა კაცი... მხრებზე დაყრილი თმა, ლამის, წელამდე სწვდებოდა: მონარნარებდა, მოაშრიალებდა მბზინვარე - ქერა ტალღებს და ყველა მას შეჰყურებდა პირდაღებული!
(დედა-შვილიც, თავისთავად)...

ერთად ჩაივლიდნენ გამზირს და მეტროში, როგორც წესი, მის პირდაპირ სხდებოდნენ... ესეც, დედის გვერდით მოკალათებული, ბავშვური აღტაცებით, თვალმოუშორებლად შესცქეროდა საოცარ სილამაზეს... მერე, შინ დაბრუნებულები, მამას უყვებოდნენ ამბებს და ისიც იცინოდა: "ჩემო ცეროდენა ვაჟკაცოო!... მამის გულის გამხარებელოო!... ვატყობ, ისეთ რძალს მოგვიყვან - ქვეყანას თვალი ზედ რჩებოდესო!"...

"რა დავარქვათო?" - დედამ...
"თითქოს ეპოსიდან გადმოსული ქალღმერთი იყოს და მოდი, დალი დავარქვათო!"...

"ვეზირი ახლოს მივიდა, იხილა მზეთუნახავი,
ტანზედ გრძელი თმა ეფინა, ოქროსფრად, თვალთუნახავი,
თვალს ვერ მოსწყვეტდა, კრთებოდა ყოველი მისი მნახავი,
თქვა: ღმერთო, მესო ნაღველი, სევდა მე გულსა მდაღავი!

იწვა უღონოდ ქალღმერთი, ტკივილით იტანჯებოდა,
მის ულამაზეს სახიდან სიცოცხლე ნელა ქრებოდა,
ხან მცირედ თვალთა ახელდა, ხანაც კვლავ ავად ბნდებოდა,
თითქოს მას თანაუგრძნობსო: ცაც ღრუბლად იფარებოდა...

ერთ წამს მოვიდა ცნობასა, ზღვისფერად თვალნი ახილა,
ანაზდად მისსა მშვენებას მზერა ვერვინ მოაცილა!
გახლავართ დალი, ასული მეფისა ჰართა მხარიდან,
ვერ წაუვედი სიყვარულს: ცოდვა ვსვი მის ფიალიდან"ო...

ხუმრობა-ხუმრობით იხსენებდნენ უამრავჯერ წაკითხულს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "ფერია" დაერქვა!

მერე და მერე, კარგი ნაცნობებივით ესალმებოდნენ ერთმანეთს და თბილადაც მოიკითხავდნენ ხოლმე:

დედა რომ ეუბნებოდა: "შეყვარებულები ვართ თქვენზე, ზღაპრულ ფერიას ჰგავხართო" - ნაამები იღიმებოდა...

ხოლო იმასაც თუ დასძენდა: " რა ლამაზი ტუჩ-კბილი გაქვთ, ან რა მომხიბვლელი ღიმილი, თვალი ვერ მომიშორებიაო!" - ამაზე უკვე, გულიანად გადაიკისკისებდა და თან, აუცილებლად, დააყოლებდა: "უღრმესი მადლობა, თქვენც არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდებითო!
(ხმაც ისეთი ამოსდიოდა, მოღერებული ყელიდან, თითქოს ანგელოზები გალობენო)...

აგრილებისთანავე, ფერია, ნაირ-ნაირი ქუდებითა და მხრებზე დაყრილი ქერა აბრეშუმის შრიალით რომ დანარნარებდა... "ასეთ ლამაზ ქუდებს სად ყიდულობთ, თან როგორ გხატავთო" - გაოცებას ვერ მალავდა დედა...

"თავად ვიქსოვო!" - წაიმღერებდა შექებით ნასიამოვნები (რითაც უფრო მეტ გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა)...

შემდეგ დიდი ბებია-ბაბუის სახლში მოუწიათ გადასვლა, მოხუცების საპატრონოდ... ხოლო კარგა ხნის შემდეგ დაბრუნებულებს - თვალი აღარ მოუკრავთ იმ გასაოცარი მშვენებისთვის!

"ვაითუ, შენი ზღაპრული ფერია ერთ ფაშფაშა დედაკაცად იქცა და მაგიტომ ვეღარ გვიცნიაო" - შიგადაშიგ, დანანებით, იხსენებდა და თავისებურად გულს უკეთებდა მშობელი...

კარგა ხნის შემდეგ, მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით, მათი გზები კვლავ გადაიკვეთა:

"აბა, თუ მიხვდები: ვინ უნდა გაჩვენოო?!" - ახარა დედას...

"ამდენი დრო გავიდა და ეს ჩვენი ფერია, პირიქით, უფრო მეტად დამშვენებულა... მართლაც ქალღმერთი ყოფილაო" - საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ - ნანახით გაოცებულები...

ვინმე ტომას მილერს გაჰყოლოდა ცოლად და ცხრა მთას იქით ცხოვრობდა საარაკო ფუფუნებაში!

გული დასწყდათ, გადამთიელები რომ შეჰხაროდნენ ქართულ სილამაზესა და სათნოებას... უნდოდათ კიდეც, ეკითხათ - ოდესმე თუ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ მერე იმსჯელეს და გადაიფიქრეს: ცის ბინადარს ცოდვილ მიწაზე რა დარჩენია, რასთან დაკავშირებით უნდა დაბრუნდეს, ისედაც საკმაოდ იწვნია ალბათ, ქვემოთ რაც დაჰყო (ისიც ეყოფათ, მასაც და ამ ცოდვილ მიწასაცო) - დაასკვნეს დანანებით...

* * * * *
თავის ბავშვობის ქალაქში, ვერაზე, ერთი ულამაზესი ქალი ხვდებოდა... და დღემდე გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი ბავშვობის ფერია თმას თუ გაიშლიდა - მაშინვე მზე გამოანათებდა ღრუბლებიდან, ქერა ტალღებზე რომ ეციმციმა, აღტაცებულს... წარბს თუ შეიკრავდა - ახლომახლო უმალ ქარი ამოვარდებოდა... როგორც კი, მოიწყენდა - ამინდიც იღუშებოდა, მაგრამ ხასიათზე როცა მოვიდოდა - ცა მოიწმინდებოდა და უცბად გამოიდარებდა ხოლმე...

ხოლო ღამღამობით, საიდუმლო კარით, ჯადოსნურ სამყაროში გადადიოდა, სადაც შიშველი ხელებით ეკალბარდს ართავდა და სულ სხვა ზღაპრის გმირივით, სასწაულმოქმედ პერანგებს ქსოვდა: ის ადამიანები რომ ეხსნა, ყოველგვარი განსაცდელისგან, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა!

bottom of page