top of page

წინასიტყვაობის მაგივრად:

"Есть три категории людей: высокомерные, гордые и другие... Только этих других я еще никогда не встречал!" / Огюст Детеф
(არსებობენ სამი კატეგორიის ადამიანები: ქედმაღალნი, ამაყნი და სხვანი... მაგრამ არანაირი "სხვანი" ცხოვრებაში არ მინახავსო)...

როცა ეს აფორიზმი ვიხილე, ერთი გაკვირვება - გამიკვირდა:
როგორ, ბატონო ოგიუსტ, დავიჯერო, თავმდაბალი ადამიანი არასდროს არ შეგხვედრიათ?!
ნუთუ მართლა?!... :O

შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი, რომ არანაირი თავმდაბალი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს; საკმარისია სათანადო ღილაკზე დააჭირო თითი (გადატანითი მნიშვნელობით, რაღა თქმა უნდა), რომ ნათელ იქნას ნებისმიერი ადამიანის: ან ქედმაღლობა, ან სიამაყე!... O_o)

აი, ყველაზე ბოგანოს, ყველა გლახაკზე უგლახაკესს, საერთოდ ადამიანისსახედაკარგულ ლოთსა და მაწანწალას (ყოველ ცისმარე დღეს, რომ იმცირებს თავს - ნიჟე პლინტუსა) სიტყვის თქმის უფლება თუ მიეცა: აქეთ სხვებს მონათლავს მაწანწალებად და აქეთ დაუწყებს ჭკუის სწავლებას - როგორ უნდა შეინარჩუნონ ადამიანის სახე!
(ერთ სიტყვასაც კი არ შეარჩენს არავის; მეტიც, კიდევ აქეთ დასცინებს და აბუჩად აიგდებს ყველას)...

აქედან დასკვნა:
ქვეყნად, მართლაც რომ, მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ: ქედმაღალნი, რომლნიც რაღაცას (უფრო სწორედ, ბევრ რაღაცას) წარმოადგენენ და თავადაც მშვენივრად იციან ამის შესახებ... და ამაყნი, რომელნიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ ამაყად გაჰკივიან (თუ საშუალება მიეცათ) იმას, რომ ეს ასე არ არის!

ხოლო "და სხვანი" - თავმდაბალნი კი, თვალითაც არავის უნახავს, რადგან ისეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა: ერთ ლოყაში რომ გააწნავენ, მეორე მიუშვიროს - მეორეც დავიმსახურეო!... ან მოსასხამს რომ გახდიან, პერანგიც გაიხადოს და გაატანოს: ესეც წაიღე, ალალი იყოსო!

ერთი სიტყვით, ეს სატირული არაკი ეძღვნება ზემოხსენებულ ბრძნულ გამონათქვამს, რამეთუ, ჩემი აზრით, ეს გახლავთ ერთერთი იმ უდიდესი სიბრძნეთაგანი, რაც კი ოდესმე თქმულა!

ქედმაღალი კაცი
.

ერთმა კაცმა ძმებთან გაყრა და მათგან მოშორებით დასახლება გადაწყვიტა...
 
თავის წილად არც არაფერი მოუთხოვია: რომ გავიყოთ, ამათ რაღა დარჩებათო (აწონ-დაწონა), ჩემთვის კი, განგებას მარჯვე ხელიც მოუცია (რა არის რომ ხელიდან არ გამომივიდეს), თავიც მადგას მხრებზე, არც შრომა-გარჯა მეზარება, ცოტა რაღაც მოქუჩებულ - გადანახულიც მაქვს და სადაც გული გამიწევს... წავალ, იქ დავსახლდებიო!

რაღაცნაირად ნაწყენი იყო - მოშორებით დასახლება ამიტომაც დაიჟინა...

სთვლიდა, და სრულიად სამართლიანადაც, რომ რადგან ამხელა ოჯახის რჩენა, ძირითადად, მის კისერზე გადადიოდა: პატივისცემა - დაფასებასაც გაცილებით მეტს იმსახურებდა... ისინი კიდევ, წავიდოდნენ - წამოვიდოდნენ და: შენო, როგორც ყველაზე უმცროსს, სიტყვაც ჩვენს შემდეგღა გეთქმისო!

მოგეხსენებათ ადამიანისშვილის ბუნება... სხვანაირად რას შეიგნებს, თუ ქედმაღალმა ხშირ-ხშირად არ უყიჟინა ამაყს, თვალების ბრიალით: შენ, ძმაო, ჩემი ნაშოვნი ლუკმით რომ იძღობ კუჭს, გამოდის, სიტყვაც შენზე წინ მეთქმის და ჭკუაც უფრო მომეკითხებაო!

მაგრამ კაცი მეტად ქედმაღალი იყო და ასე ფიქრობდა:

მაგას რაღა ჩემი თქმა უნდა, თავად რა, ვეღარ უნდა ხვდებოდნენო?!
თან, ჩემი ნათქვამით ისე გამოვა - თითქოსდა ლუკმას ვიყვედრები; მე კი, ღვიძლი ძმებისთვის მაძღარი ლუკმა არასდროს დამნანებია, უბრალოდ, მადლიერების გრძნობა და იოტისოდენა რიდი მაინც ხომ უნდა გააჩნდეთო?!

ცოლი ცალკე იხერხებოდა:

კაცო, რო აგიჩემებია "ძმებს ქონებაზე დავა როგორ დავუწყო, თავისი გასჭირვებიათო" - აბა, მამაპაპეულიდან ჩვენ აღარაფერი გვეკუთვნის?!
ასე ცარიელ-ტარიელ - უწილკერძოდ... ვითომ რატომ უნდა წამოვიდეთ, სამართალი აღარ არსებობსო?!

არ უგდო კაცმა ყური და წავიდა სამოსახლოს საძებნად...

ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა რომელიღაც სოფელს...
გაიხედ-გამოიხედა, გამვლელია თუ გამომვლელი - ერთი თვალებსღა სჭყიტავს უცხო კაცის დანახვაზე (თან ქედმაღალია და კარგა ლაზათიანადაც გამოიყურება; ჩაცმულ-დახურულ - გამოწკეპილი), შემდეგ სალამსღა თუ გადმოუგდებს პასუხად - გაივლის და წავა თავის გზაზე...

ზოგი კიდევ, მთლად ისეთია: სალამ-ქალამიც ენანება... თვალებსღა შეაჭყიტავს, გაეცლება მდუმარედ და დაზაფრული გაუყვება ორღობეს; თითქოსდა მოჩვენება დაინახა!

კაცი ჰკვირვობს მარა რას ჰკვირვობს: ეს რა უცხვირპირო ხალხია... ნეტავ, უცხო არ უნახავთ, თუ მისალმება არ უსწავლებია მშობელ დედასო?!

მაგრამ რაღამც მოსულა - თავისიც ხომ უნდა სთქვას:

ხან ვის გამოელაპარაკება, ხან ვის: ასე და ასეო, სამოსახლოს ვეძებ, ცოლ-შვილის პატრონი ვარ, თავადაც არ ვარ ურიგო კაცი... არც მეზობლობა მეშლება, არც მტერ-მოყვრობაო!

პასუხად ყველა მხრებს იჩეჩავს: ჩვენ რა ვიცით, ან ეგ რა ჩვენი საქმეაო?!
(გულში ფიქრობენ: ვინც გინდა ის იყავი, ჩვენ ჩვენი საქმისა ვერა გაგვიგია-რა, შენი საქმის როგორღა გავიგოთო?!)...

ამასობაში მოპასუხეც გამოჩნდა: მეო, ამ სოფლის თავკაცთაგანი ვარო და აბა, რა გაგჭირვებია წვრილად მიამბეო!

კაცმაც, სულ წვრილ-წვრილად, მოახსენა მოსვლის მიზეზი...

იმან კიდევ: კეთილი იყოს შენი მობრძანება, თუ ასეა საქმე, სამოსახლოსაც გამოგიყოფთ, მაგრამო... გააჩნია როგორ სახლს ააშენებო!

ქედმაღლური არ შეიძლებაო, ეს არ შეიძლებაო, ის არ შეიძლებაო, ცოტა რამ შეიძლება და ბევრი რამ კი - არაო: მაგალითად, ერთი გიჟი გვყავს სოფელში, სულ ქვების სროლით დადის, მაგრამ არაფრით არ შეიძლება მისი მოგერიება ქვის სროლითვეო!

მაინც რატომო?! - გაკვირვებულმაღა იკითხა ქედმაღალმა...

იმიტომაო რომაო: გიჟი თავისუფალიაო, შენ კიდევ, გიჟი ხომ არა ხარო?! - ასე რომ, ნასროლი ქვისთვის თავის შეშვერაც მოგიწევსო, კოხტადა და ლამაზადაო!
იცოდე, ჩვენ ამაყი ხალხი ვართ და ქედმაღლობას ვერ ვეგუებითო!

კაცმა ყურადღებით მოუსმინა და თავისთვისღა გაიფიქრა:

აბა, ამათ ჰყოლიათ თუ ჰყოლიათ მწყერები წყვილ-წყვილადაო!

ერთი ჭკუასუსტისთვის ვეღარ მოუვლია ამოდენა ხალხს; თავსღა აბეგვინებენო... იმასაც კიდევ, თუ გასდის სიშლეგე - რატომაც არ იშლეგებსო?!

ისე კი, მადლია ამათთვის, ერთი კარგად მომეგიჟიანებინა თავი, კეტით დავრეოდი მთელ სოფელს, თავის სულელიანად, და სულ კუდით ქვაღა მესროლინებინა, მაგრამ მაგისთვის სადა მცალია, ან ამათი განკითხვა რა ჩემი საქმეა?!
თავის საქმისაც თვითონ იცოდნენო!

თან, აქ რა დამრჩენია: ამაყ ხალხთან ერთად ყოფა-ცხოვრება რომ მდომებოდა და იმათი მოძღვრობა, ღვიძლ ძმებთან გაყრას ხომ აღარ გადავწყვეტდიო?!

თქმით კი, ისღა უთხრა: გასაგებია ყველაფერიო! - დაემშვიდობა და გამობრუნდა...

მიხვდა, გზის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა... ერთ უკაცრიელ ადგილას, მდინარის პირას, მწვანედ მოხასხასე ჭალა შეიგულა და იქ დასახლება გადაწყვიტა...
 
თავიდან, ცოლი სულ გულშემოყრილი ქოთქოთებდა: ამ უკაცრიელში, ხომ ერთიანად გამოყრუვდით... ხმის გამცემიც არავინ გვეყოლებაო!
 
კაცმა კიდევ:

უკაცრიელი რა, მყინვარწვერზე ხომ არ დავსახლებულვათ, თან სალაზღანდაროდ სად გვცალია, განა ცოცხალ ადამიანს საქმე და საკეთებელი დაელევაო?!
ან ხალხს სად დაემალები?!
შენ დარდი გაუშვი: მოიყვანს პურის კიდობანიო!

ჯერ, კალმით ნახატი ქალ-ვაჟის პატრონს... თავადაც ისეთი ვარ: აქეთ უფრო ვჭირდები სოფელ-ქვეყანას, ვიდრე იქით მჭირდებაო!
მე ვიცი და ჩემმა კაცობამო!

სთქვა და აასრულა კიდეც:

ისე სიკეთე მოგეცეთ, როგორც მან ააყვავა სამოსახლო: მშვენიერი სახლ-კარიც წამოჭიმა და დიდი ბაღ-ბოსტანიც გააშენა...

იმდენი უნდა მქონდეს, მოსაკითხადაც რომ უხვად მეყოსო!
ამ ჩემს ქალ-ვაჟს გოგო-ბიჭები რომ გადმოსძახებენ... შორიდან ხომ არ შევახარბებ ნუგბარს, თავის ხელით მოწყვეტილი ხილ-ბაღჩეულით პირი თუ არ გაისველა მომსვლელმა, მაშ, ამხელა სახნავ-სათესი რა შავქვადღა მინდაო?!
ასეო და ისეო!

ქედმაღალი კაცი იყო: სულ სავსე ჰქონდა ბეღელ-მარანი!
გვერდში დგომაც ისეთი იცოდა, ჭირში თუ ლხინში, რომ საიდან აღარ მოდიოდნენ მასთან - ხელის გამართვის მთხოვნელნი...

ქალ-ვაჟიც რომ მოესწრო... ყველა, უკლებლივ, ახლო-მახლო დაისახლა:

აბა, საკუთარ შვილ-ბადიშს თუ ვერ მოვესიყვარულე ყოველ ცისმარე დღეს და სულ მათ ნატვრაშიღა უნდა გავლიო წუთისოფელი, ასეთ ყოფას რაღა ფასი აქვსო?!
 
ამასობაში, ძმანნი მისნიც მოადგნენ კარს: გვიმსახურე როგორც გენებოს და იუფროსე რამდენიც გენებოს, რაც შენ გაგვეყარე - მაძღარი ლუკმა სანატრელი გაგვიხდაო!

ისინიც შეიფარა...

ასე და ამგვარად, სოფელიც აშენდა და დამშვენდა!
(როგორც მოგეხსენებათ, ქედმაღალი კაცი თუ წამოიწყებს და გაუძღვება საქმეს, თორემ... ამაყნი - "ამაყად" დასჯერებულან, ოდითგან, სულ მცირედსაც კი)...

ჭირი იქა, ლხინი აქა...

___

მაგრამ მრავალგზის ხსენებულ ლიტ. პორტალზე რომ ამაყი ლი-წერა-წორები იხილა თვალმან ჩემმან, მსგავსი არაფერი მინახავს, გეფიცებით!
(არც ეგზომ ამაყნი მინახავს - ეგზომ მომცრო კაცნი და არც ეგზომ უხვად; ჭერეხივითღა ჰყრიან)... :O)

იმ არემარეზე ნანახ "საოცრებებზე"დ სულ წვრილ-წვრილადაც მოგახსენებთ მოგვიანებით, მაგრამ ამჯერად, მხოლოდ ერთ ანომალურ მოვლენაზე მინდა გავამახვილო ყურადღება... საქმე კი, აი, რაშია:

იქაურმა ლი-წერა-წორებმა, წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოიტანეს (მაინც როგორ მოახერხეს ამის მოფიქრება), რომ ორმაგი უარყოფა - გრამატიკული შეცდომა ყოფილა თურმე, შესაბამისად, მათი მოკლე ჭკუით, მხოლოდ ერთმაგი უარყოფა ყოფილა მისაღები მეტყველების ფორმა ქართულს ენასა შიგან და ქართულს ენასა ზედა!... O_o)

მოგეხსენებათ, მასების ინტელექტ - ერუდიციის საერთო დონე ისეთი დაბალია (უფრო სწორედ, უმდაბლესი), რომ რა გასაკვირია ვინმე იდეინი ჩერჩეტს დაეხეთქებინა მსგავსი უმეცრება?!
საკვირველი ის გახლავთ, ეს ამდენი ხალხი... დავიჯერო, ისეთი დებილები არიან, რომ იმდენიც ვერ მოუფიქრებიათ: ჯერ გადაამოწმონ და მერეღა იმეორონ, თუთიყუშებივით, მსგავსი სიბრიყვე?!... : /

"ჩრდილს", ავტორი: ცარიელი
აქ სულ ვკამათობ იმაზე, რომ ორი უარყოფა ერთად არ შეიძლება თუმცა მიმტკიცებენ , რომ პოეზია ამას იტანსო, მე მაინც ასე ვფიქრობ და :)  უფრო გასაგებად ამას ვგულისხმობ : "მე კი არაფრის თქმას არ ვაპირებ," ჩემთვის სწორია: მე კი არაფრის თქმას ვაპირებ, მაგრამ მერე რიტმი ირღვევა და ალბათა მიტომაც ამბობენ პოეზია იტანსო :)
წარმატებები.
ლელე..... 2013-06-29 15:25:53

კომენტის დამწერი რა "ბაგაჟის" პატრონი ბრძანდება სრულიად ნათელია, მაგრამ საქმე გაცილებით სავალალოა, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს:
გეკითხებით, ასეთ სიბრიყვეს ბრიყვის მეტი ვინ დაიჯერებდა?!
კლასიკური ლიტერატურის მცოდნენი, მით უმეტეს, როგორ დაიჯერებდნენ - გაიმეორებდნენ მსგავს სისულელეს?!
(და ესეც იმის უტყუარი საბუთი გახლავთ, რომ ერთმანეთის ნაჯღაბნებში ჭვრიტინის გარდა - არავინ არაფერს კითხულობს)... : /

რეალურად, ზუსტად ის არის ქართული ენის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობათაგანი, რომ შესაძლოა როგორც ერთმაგი, ისე ორმაგი უარყოფის გამოყენება!

და არც ის არის გამორიცხული, ქართული შეიძლება ერთადერთი ენაც კი იყოს, რომელშიც დასაშვებია ორივე ვარიანტის გამოყენება...
ანუ გრამატიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ ორივენაირად ითქვას და ორივე ვარიანტი სწორეა, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც გარდაუვალია ორმაგი უარყოფა!

მაგალითად, ორმაგ უარყოფას ითხოვს: "არაფრის დიდებით", ან "ვერაფრით":
არაფრის დიდებით არ დაეთანხმა!... ვერაფრით ვერ მოვიშორე!... და ა.შ...

ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ერთმაგი უარყოფის გამოყენება:
"არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას."/ კონსტანტინე გამსახურდია
"ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს." / კონსტანტინე გამსახურდია

მაგრამ გრამატიკული წესები მეჩიქორთულეების ტვინამდე არ დადის და რა გააწყონ, როცა მათი გონებრივი შესაძლებლობები ამდენს ვერანაირად ვერ სწვდება?!
(ვერანაირად ვერ სწვდება და არა: ვერანაირად სწვდება)...

"ცეცხლთან", ავტორი: თაკო წულაია.
არცერთი წამით დამტოვა სიმძიმის შეგრძენბამ, ვიდრე კითხვას დავასრულებდი. ეს, ალბათ, კარგია. მომეწონა. +5 ჩემგან.
გურამმმ. 2021-05-13 13:13:28


ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ორმაგი უარყოფა: არცერთი წამით არ დამტოვა!

გარდა ამისა:
არცერთი წამით არც დამტოვა სიმძიმის შეგრძნებამ, ვიდრე კითხვას დავასრულებდი... და ეს, ალბათ, კარგია!

მომეწონა!
+5 ჩემგან!


მოკლედ, წერა-კითხვაც არ იცის ვაი-მწრალ-პოეტ-შემფასებელ-კრიტიკოსების უმრავლესობამ და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?!

"ჩვენ კი არ დავწყდით", ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
არადა პირველი სტროფია ყველაზე აბსურდული, აზრს მოკლებული. თუ რახან პოეზიაა, არ ვთხოვთ კონკორეტულობას? დანარჩენებში პატრიოტული აღტკინების პათოსი მაინც გასაგებია. თოვლის ფიფქების მონღოლების შემოსევასთან შედარება - რაღაც ახალია და ორიგინალური, მაგრამ ორიგინალური არ ნიშნავს კარგს. ისე ზვიადისტური პოეზია ფართოდ ჰყვავის ურაკპარაკის ტრამალებზე. ნუ, ამ შემთხვევაში დეკადენტურ ესთეტიკასთან არის შედუღაბებული, განსხვავებით სხვა ნიმუშებისგან.  "სოლიდარება" რა არის - არ ვიცი. სასვენი ნიშნები ნამეტნავად თვითნებურადაა დასმული. ბწკარ-ბწკარ ან სტროფ-სტროფ გაანალიზებას, ვეჭვობ,
არავითარი აზრი აქვს.
გიიომ შამპოელი. 2019-06-04 21:51:15

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი კომენტარი დიდ იშვიათობას და უდიდეს ფუფუნებას წარმოადგენს იქაური ლი-წერა-წორებისთვის, შესაბამისად, კომენტის ავტორი იქაურებთან შედარებით ნამდვილი ყარამანია, მაგრამ როგორც ხედავთ, თვით "ყარამანის" ნათელი გონებაც უცდუნებიათ ბნელსა ძალებსა და "არავითარი აზრი აქვს."ო დაუწერია!

ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ორმაგი უარყოფა ძახილის ნიშნით: არავითარი აზრი არ/არა აქვს!

ასე რომ, ვინც კარგად არ იცით გრამატიკა გირჩევთ: უფრო ორმაგი უარყოფა გამოიყენოთ, ვიდრე ერთმაგი, რამეთუ, ერთმაგი უარყოფა ყოველთვის არ გამოგადგებათ!
ხოლო, თუ ვინმე შეგედავებათ, ბუნებრივია, რომ რუსთაველზე, ვაჟა-ფშაველაზე, ან კონსტანტინე გამსახურდიაზე უკეთ ვერანაირად ვერ ეცოდინება ქართული... სხვას ყველას და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ:

"თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა…"

"გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!"...

"მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი"...

"ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, 
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული;
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური."... 

P.S. ისე, მე ინგლისურში კი ვიყენებ, ზოგჯერ, ორმაგ უარყოფას, მაგალითად, დამიწერია მგავსი რამ: He (she) doesn't say not a single word... და აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის გრამატიკული შეცდომა (კლასიკურ - ბრიტანულ ინგლისურს ვგულისხმობ), შესაბამისად, ასე დაწერა დასაშვებია მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებში, ერთგვარი მხატვრული ინტერპრეტაციის სახით, ნებისმიერ სხვა ვარიანტში დაუშვებელია!

P.P.S. აქვე ამასაც დავსძენდი: იმ ტერიტორიაზე ჯერაც არ მინახავს არავინ, ისე ფლობდეს რომელიმე უცხო ენას - იმ ენაზე გამართულად წერა შეეძლოს, მეტიც, მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან რომელიმე ენა იმ დონეზე, რომ ზუსტად გაიგონ წაკითხულის შინაარსი...
მოკლედ, შოკში ვარ, ისეთი ვაი-მთარგმნელები და ვაი-თარგმანები ვიხილე, მაგრამ ამაზე ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ!... ;)

bottom of page