top of page

ანთეოზი
.

ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროში, უცხოვრია ერთ ოსტატობით განთქმულ მჭედელს... ყმაწვილკაცი ყოფილა და რქმევია: ანთეოზი!

აი, რა საოცრება გინდათ მისი ხელიდან რომ არ გამოსულიყო... ნალბანდიც კი, ისეთი გახლდათ თურმე: მისი დაჭედილი ნალი არც გაცვდებოდა, არც გატყდებოდა, არც მოირყეოდა!
(მეტი რაღა გითხრათ)...

სხვა მხრივაც, სიკეთით და სათნოებით სავსე!

განსაკუთრებით პატარებს ანებივრებდა და ხისგან გამოთლილი თუ თიხისგან გამოძერწილი სათამაშოებით ხშირად ასაჩუქრებდა... ჰოდა ონავარ ცეროდენებსაც მეტი რა უნდოდათ, სულ მის გარშემო გაუდიოდათ ჟივილ-ხივილი!

ისიც, განა დაუტატანებდა: "მომწყდით თავიდან, ტვინი ნუ წაიღეთო!"...
პირიქით, იმას გასძახებდა: "აქაურობას ნუ მოსცილდებით, შორს არსად წახვიდეთ, ხიფათს არას გადაეყაროთო!"...

მოკლედ, დიდ-პატარიანად ისე უყვარდათ, ისე ეიმედებოდათ, რომ მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ!

ერთიც ვნახოთ, ხელმწიფის ქალი გამხდარა ავად...

დაუხვევიათ თავზე მთელი ქვეყნის საუკეთესო მკურნალ - დასტაქარნი, მაგრამ სულ უშედეგოდ; ვერავის ვერაფერი უშველია!

გამოუკვერია, ანთეოზს, გასაოცარი სილამაზის, ვერცხლის ქოთან - ქვიშაში ჩარგული, ვერცხლის შროშანი - ნაირფერი ბროლის ფურცლებით შემკული...
მიუტანია სასახლეში და დაუბარებია: "ეს მეფის ასულს გადაეცით, რომ თუ რამ სევდა-ნაღვლი აქვს ყველაფერი გაანდოს... ერთი ეგ არის მოიწყენს, ფურცლებს დახურავს, ფოთლებს დახრის, ეკლებს დაიყრის, დაშავებით-კი არაფერი დაუშავდებაო!... თუ სასიხარულოს უამბობს კიდევ, საამოდ გადაიშლება - ათასფრად აციმციმებული... მხოლოდ, თაკარა მზე უყვარს და მზის სხივებს ნუ მოაკლებთ... სხვაზე ნურაფერზე სწუხხართ, ყოველგვარ სენს უწამლებსო!"...

შეუტანიათ ვერცხლის ქოთანი და მეფის ასულის სასთუმალთან დაუდგამთ...
მეორე დილით გაუღვიძია ბატონიშვილს, თვალები მოუფშვნეტია და ერთობ გაუოცებია: "ეს რამხელა დრო გასულა... მე კი, ვერც შევნიშნეო!"...

უმალ გამოჯანმრთელებულა, გალაღებულა და უფრო მეტად დამშვენებულა!

გახარებულ ხელმწიფეს ბროლის მკურნალისთვის, სასახლის შემოგარენში, საუცხოო სამყოფელი აუგია და იქ დაუბრძანებია, რომ ყოველი სნეულისთვის ეწამლა...

ამ საოცარი მკურნალის ამბავი ხონთქრის ყურამდეც მისულა... არ დაუყოვნებია და შიკრიკები უფრენია: "თუ სასწაულმოქმედ შროშანს არ მაახლებთ, მის გამომჭედელთან ერთად, ურიცხვი ჯარით შემოგესევით და ქვას ქვაზე არ დავტოვებთო!"...

სხვა რა გზა ჰქონდა მეფე-ბატონს, ქვეყანას ხომ არ ააოხრებინებდა, ამდგარა და ოსტატი თავის გასაოცარი ნახელავით ხონთქრისთვის გაუგზავნია: "მჭედელიცა და მისი სასწაულმოქმედი შროშანიც ძღვენად ინებეთ, თქვენო ხონთქრულო უდიდებულესობავო!"...

უცხო მხარეში იძულებით გადახვეწილი ოსტატი მეტად აღარც გაჰკარებია სამჭედლო საქმეს; რაღაც უცნაური სენი შეჰყრია და შეუძულებია ხელობა, ხოლო ჯადოსნურ ყვავილი რაღას განკურნავდა, როცა რომ, თავისი ჯადოსნური თვისებები ერთიანად დაუკარგავს, მაგრამ ხონთქარი მაინც ვერ შელევია და სიცოცხლის ბოლომდე მისი არნახული სილამაზით ტკბებოდა თურმე...

იქაურებს, მხოლოდ, ჭორადღა ჩაუთვლიათ - მჭედლის გასაოცარი ოსტატობის ამბავიცა და ბროლის შროშანის საარაკო თვისებებიც!
(მეტიც, მის ნახელავად არც მიუჩნევიათ)...

ანთეოზი, ხონთქრის კარზე, ჯერ ამირბარი გამხდარა, შემდეგ კი, მთლად პირველი ვეზირობისთვის მიუღწევია... ერთი ეგ არის, არც ცოლი შეურთავს და არც შვილი შესძენია!

"ფესვები მე აღარ მაქვს და აბა, ვის უნახავს უფესვო ხემ ყლორტი ამოიყაროს?!" - უთქვამს დანანებით...

* * * * *
Мифический великан был - Антей; сын Посейдона и Геи...
Царём Ливии звался!
Непобедимым оставался пока матери-земли касался...
Побеждён Гераклом!
В единоборстве Геракл свалил его с ног стократ,
но прикасаясь к матери своей - новой силой наполнялся...
Пока соперник о могущественной связи не догадался!
И оторвав Антея от земли - загубил в воздухе;
За славу сражался!

bottom of page