top of page
  Ernest  Hemingway / Cat  In  The  Rain
                     ერნესტ  ჰემინგუეი / კატა  წვიმაში
ერნესტ  ჰემინგუეი / კატა  წვიმაში

სასტუმროში  სულ  ორი  ამერიკელი  იყო  და  ისინი  არცერთ  მათგანს  არ  იცნობდნენ, ვისაც  კიბეებზე  ხვდებოდნენ, როდესაც  საკუთარ  ნომერში  ადიოდნენ...

ოთახი  მეორე (ბრიტ. მესამე) სართულზე  ჰქონდათ, რომელიც  ზღვას  გადაჰყურებდა:

ფანჯრიდან, ასევე, მოსჩანდა  ქალაქის  პარკი (ცენტრში  ომის  მონუმენტით) მაღალი  პალმებითა  და  გრძელი, მწვანე, სკამებით... კარგ  ამინდში  იქ  ყოველთვის  შენიშნავდით  რომელიმე  მხატვარს - გაშლილი  მოლბერტით!
(მხატვრებს  მოსწონდათ  ხედი: უზარმაზარი  პალმებით  და  სასტუმროების  ფერად-ფერადი  ფასადებით, რომელებიც  ბაღებსა  და  ზღვას  გადმოჰყურებდნენ)...

იტალიელები  საიდან  აღარ  ჩამოდიოდნენ  ომის  მონუმენტის  მოსანახულებლად: იგი  ბრინჯაოსგან  იყო  ჩამოსხმული  და  წვიმისგან, სულ  მთლად, ლაპლაპებდა!

წვიმდა:

წვეთები  პალმის  ტოტებს  ბზრიალ-ტრიალით  სწყდებოდნენ, ძირს  ტყაპატყუპით  ეცემოდნენ  და  ჩამოღვრილი  წყალი  ბაღის  ბილიკებს  ავსებდა  გაპიპინებული  გუბეებით...

ზღვა  წვიმის  გრძელ  ჰორიზონტად  იშლებოდა, ქვედა  ნაპირს  ბორგვით  გადარეცხავდა  და  უკან  ბრუნდებოდა - ამობრუნებული, რომ  ისევ  დაშლილიყო  წვიმის  უსასრულო  ხაზებად...

ავტომობილები, შხეფების  ფრქვევით, ჩაიქროლებდნენ  პარკთან (ომის  მონუმენტის  გასწვრივ) და  წვიმაში  უჩინარდებოდნენ... იქვე, მოპირდაპირე  მხარეს, კაფეტერიის  კარში, მიმტანი  იდგა, რომელიც  უკაცრიელ  სკვერს  გაჰყურებდა!

ამერიკელის  ცოლი  ფანჯრიდან  იყურებოდა:

ზუსტად  მათი  სარკმლის  ქვემოთ, ერთ-ერთი  მწვეთავი, მწვანე, მაგიდის  ქვეშ, კატა  შეყუჟულიყო  და  ცდილობდა  ისე  შეეფარებინა  თავი, რომ  არ  დასველებულიყო...

- "ქვემოთ  ჩავალ  და  ამ  ფისოს  ამოვიყვან!" - სთქვა  ცოლმა...

- "თუ  გინდა, მე  ჩავალ!" - საწოლიდან  შესთავაზა  ქმარმა...

- "არა, მე  თვითონ... საცოდავი  ფისო, მაგიდის  ქვეშ  ეფარება  წვიმას!"

ორ  ბალიშზე, მოხერხებულად, მოკალათებული  ქმარი  კითხვას  აგრძელებდა:

- "არ  დასველდე!" - სთქვა  მან...

ცოლი  ქვემოთ  ჩავიდა  და  როდესაც  მისაღების  შორეულ  კუთხეში  მდგარ  სასტუმროს  მეპატრონის  მაგიდას  ჩაუარა - იგი  ფეხზე  წამომდგარი  მიესალმა!
(მეპატრონე  მოხუცი  იყო  და  ძალიან  მაღალი)...

- "Il  piove!" (ისევ  წვიმს) - სთქვა  ქალმა!
(მას  მოსწონდა  სასტუმროს  მეპატრონე)...

- "Si, Si, Signora, brutto  tempo!" (დიახ, დიახ, სენიორა, საშინელი  ამინდია) - გამოეპასუხა  ოთახის  შორეულ  კუთხეში  მდგარი  მაგიდიდან!
(ამერიკელის  ცოლს  იგი  მოსწონდა)...

მოსწონდა: თუ  როგორი  სერიოზულობით  უსმენდა  ნებისმიერ  მომჩივანს!
მოსწონდა  მისი  სიდარბაისლე!
მოსწონდა  მის  მიერ  გამოჩენილი  განსაკუთრებული  ყურადღება!
მოსწონდა  იგი, როგორც  მეპატრონე!
მოსწონდა  მისი  ასაკოვანი, უხეში, ნაკვთები  და  დიდრონი  ხელები!

კვლავ  მასზე  ფიქრობდა, როცა  კარი  გააღო  და  გარეთ  გაიხედა:

უფრო  ძლიერ  წვიმდა!
(განიერ  საწვიმარში  გამოწყობილი  კაცი, დაცარიელებულ, სკვერს  ჰკვეთდა - კაფეტერიისკენ)...

კატა, სადღაც, მარჯვნივ  უნდა  მჯდარიყო...
(შესაძლოა, სადმე, სხვაგან, შეეფარა  კიდეც)...

სანამ  ქალი  გარეთ  გავიდოდა, ზურგსუკან, ქოლგის  გახსნის  ხმა  მოისმა!
(ეს  გახლდათ  მოსამსახურე, რომელიც  მათ  ნომერს  ალაგებდა)...

- "ასე  ხომ, დასველდებით!" - იგი  იღიმებოდა...
(რა  თქმა  უნდა, სასტუროს  მეპატრონემ  გამოაგზავნა)...

დამლაგებელთან  ერთად, რომელიც  ქოლგით  უკან  მიჰყვებოდა, ბაღის  ბილიკი  გადაკვეთა  და  თავისი  ფანჯრის  ქვემოთ  აღმოჩნდა:

მაგიდა  ადგილზე  იდგა  და  მწვანედ  ლაპლაპებდა, წვიმისგან  გარეცხილ - გაკრიალებული, მაგრამ  კატა  იქ  აღარ  დახვდა!
(ქალი  გულდაწყვეტილი  სჩანდა)...

მოსამსახურე  დაინტერესდა:

- "Ha  perduto  qualque  cosa, Signora?" (რამე  დაკარგეთ, სენიორა?)...

- "აქ  კატა  იყო!" - სთქვა  ქალმა...

- "კატა?"

- "Si, il gatto!" (კი, კატა)...

- "კატა?" - მოსამსახურეს  გაეცინა:
"კატა  წვიმაში?!"

- "კი!" - უპასუხა  მან - "მაგიდის  ქვეშ  იჯდა!" - და  დაამატა:
"რომ  იცოდეთ, როგორ  მინდოდა  ის  ფისო!"

როდესაც  ქალი  ინგლისურად  საუბრობდა  მოსამსახურეს  ეღიმებოდა:

- "წავიდეთ, სენიორა!" - სთქვა  მან:
"დავბრუნდეთ, თორემ, თქვენ  სულ  დასველდებით!"

ისინი  უკან  გამოუყვნენ  ნაწვიმარ  ბილიკს  და  კარს  მიადგნენ (მოსამსახურე  ოდნავ  ჩამორჩა, რათა  ქოლგა  დაეკეცა)... როდესაც  ქალმა  მისაღების  ახლოს  ჩაიარა  და "პადრონმა" თავაზიანად  გაუღიმა, თითქოს, გულში  რაღაც  აენთო, ნაპერწკალივით!
(მის  გვერდით  თავი  სულ  ერთი  ციდა  ეჩვენებოდა, მაგრამ  ამავე  დროს, უმნიშვნელოვანესი: ასეთ  წუთებში, ქალი  გრძნობდა... თავის, რაღაც  განსაკუთრებულ, უმაღლეს  დანიშნულებას)...

იგი  ზემოთ  ავიდა: ჯორჯი  საწოლზე  იწვა  და  კითხულობდა...

- "იპოვე  კატა?" - ჰკითხა  ქმარმა  და  წიგნი  გადაფურცლა...

- "არა, გაიქცა!"

- "საინტერესოა  სად?!" - სთქვა  მან  და  საკითხავს  თვალი  მოაშორა...

ცოლი  საწოლზე  ჩამოჯდა:

- "ისე  მინდოდა  ის  ფისო"...
"არ  ვიცი, რატომ  მინდოდა  ასე  ძალიან"...
"საბრალო  ფისუნია, ალბათ  უპატრონოდ  დაეხეტება  წვიმაში!"

ჯორჯი  ისევ  კითხულობდა!

ქალი  ტუალეტის  მაგიდას  მიუჯდა, პატარა  სარკე  აიღო  და  საკუთარი  სახის  შესწავლას  შეუდგა (ჯერ  ერთი  მხრიდან, მერე - მეორედან), შემდეგ  კი, კეფა  შეათვალერა...

- "როგორ  ფიქრობ, ღირს  თმა  რომ  გავიზარდო?" - იკითხა  საკუთარი  გამოსახულების  თვალიერებით  გართულმა...

ჯორჯმა  თავი  ასწია  და  მის, ბიჭივით, მოკლედ  გაკრეჭილ  კეფას  შეხედა:

- "მომწონს  ისე, როგორც  არის!"

- "მე  კი, მომბეზრდა!" - სთქვა  ქალმა:
"მომბეზრდა, ბიჭივით  რომ  გამოვიყურები!"

ჯორჯს  ცოლისთვის  თვალი  არ  მოუშორებია - ისე  იცვალა  მხარი  და  ჩაილაპარაკა:

- "შესანიშნავად  გამოიყურები!"

ქალმა  პატარა  სარკე  ტუალეტის  მაგიდაზე  დადო, ფანჯარასთან  მივიდა  და  გადაიხედა:

ღამდებოდა!

- "მინდა, რომ  კეფაზე  დავიხვიო... გრძელი, დამყოლი, თმის  ფუმფულა  გორგალი, ძალიან  მინდა!" - სთქვა  მან...

- "მინდა, რომ  ფისო  მეჯდეს  კალთაში  და  კრუტუნებდეს, როდესაც  ხელს  გადავუსვამ!"

- "ჰო-ო?!" - საწოლიდან  გამოეპასუხა  ქმარი...

- "კიდევ  მინდა, რომ  საკუთარ  მაგიდასთან  ვიჯდე, საკუთარი  ვერცხლის  ჭურჭლიდან  მივირთმევდე  და  გარშემო  სანთლები  ენთოს... მინდა, რომ  იყოს  გაზაფხული  და  სარკესთან  გრძელ  თმას  ვივარცხნიდე... და  მინდა  ფისო!"
"ახალი  ტანსაცმელიც  მინდა!"

- "ოჰ, მოკეტე  უკვე... სჯობს, რამე  წაიკითხო!" - ჩაიბუზღუნა  ჯორჯმა  და  კვლავ  წიგნში  ჩარგო  თავი!

ცოლი  ფანჯრიდან  იყურებოდა:

უკვე  დაბნელებულიყო!
(გადაუღებლად  წვიმდა)...

- "ნებისმიერ  შემთხვევაში  მინდა  კატა!"
"მინდა!"
"ახლავე  მინდა!"
"და  თუ  შეუძლებელია  გრძელი  თმა  მქონდეს, ან  სხვა  რამ - სასურველი, კატა  ხომ  მაინც  შეიძლება  რომ  მყავდეს?!"

ჯორჯი  არ  უსმენდა!
(კითხულობდა)...

ცოლი  ფანჯრიდან  იყურებოდა:

ფანჯრის  მიღმა, პარკში, ლამპიონები  აინთო!

კარზე  დააკაკუნეს...

ჯორჯმა  საკითხავს  თვალი  მოსწყვიტა  და  გასძახა:

- "Avanti!" (მობრძანდით)...

კარის  ზღურბლზე  მოსამსახურე  იდგა  და  დიდი, ჭრელი, კატა  მკლავებში  ისე  მოექცია, რომ  ხელიდან  არ  გასხლტომოდა:

- "უკაცრავად!" - სთქვა  მან - ""პადრონმა" მთხოვა: ეს  სენიორასთვის  გადმომეცა!"

bottom of page