top of page

"ვალოდია ჯინჭარაძე" და "ვალოდია" მაიაკოვსკი
.

შაქროს, ქალაქში რო სწავლობდა, ერთი შეუხედავი ჯგუფელი ჰყოლია განა, მაგრამა... როი ვერღა გაიხსენა...
(თავი-კი ბევრი იმტვრია, მარა მაინც ვერ მიხვდა ვისზე გახლდათ საუბარი)...

სამეგობრო ეწვია კახეთში და იმათ მაახსენეს: ასე და ასეო, ჩვენი ჯგუფელი ლამზირა შუაგულ ევროპაში წასულაო, მწერალ-პოეტ-მთარგმნელიც გამხდარა კოხტათა და ლამაათაო, ამასაც არ დასჯერებია და ხატვაც დაუწყია მეტად ამაყადაო!

რაო, მწერალ-პოეტ-მთარგმნელ-მხატვარიო?! - გაიოცა შაქარამ...

"შაქარა" ქალაქელმა მეგობრებმა შეარქვეს სიყვარულით... მართლაც, შაქარივით ყმაწვილი იყო: ტკბილი, თბილი, ბუნჩულა... პოეტური სულის გულუბყვილო მეოცნებე, ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი და ყოველგვარი მშვენიერების მოტრფიალე - მეხოტბე!

ცოლადაც ქვეყნის თვალი მოიყვანა: ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავივით კურსელი - ლიანა დევდარიანი...

დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა, მაგრამ კარგა ხანს ვერ უმხელდა... მერე შრომითი სემესტრობა იყო იმ დროში, ჰოდა კიდეც გამოუტყდა სიყვარულში... ჰოდა გოგომაც თანხმობა უთხრა!

ერთი სიტყვით, შრომით სემესტრში არიან... მისი გულის ვარდი ხეზეა ასული - ვაშლის მოსაკრეფად... შაქარა კიბით მიდი-მოდის (ვის ხეზე ასვლაში ეხმარება, ვის - ჩამოსვლაში), თან, შიგადაშიგ, სატრფოსკენ აპარებს მზერას...


როგორც იქნა გაიგონა სანატრელი ხმა, უმალ მასთან გაჩნდა და უკეთესს რას იხილავს კაცის თვალი: შაქროს გულის გასახარად, ჭრელაჭრულა, ფუშფუშა კაბის ბოლოს ხან აქედან წამოუფრიალებს ნიავი, ხან იქიდან... ასე და ამგვარად, ლამის შიშველი ადგას თავზე ეს ახლად შეღერებული შველივით ქალი - თავის ჩამოსხმული ტან-ფეხით!

შეჰყურებს, ქვემოდან, აღფრთოვანებული მიჯნური და ფიქრობს:

მიქელანჯელოც ვერ გამოკვეთდა ასეთი სილამაზის მარმარილოს წვივებსო!
სხვაც ვერავინ გამოკვეთავდაო, ვერც ჩამოასხამდა და ვერც გამოძერწავდაო...

და მაინც როგორ მოახერხებდნენ, როცა რომ, მსგავსი სილამაზე: ფორმებითა თუ სიმეტრიებით, თუ პროპორციებით, ნანახიც არ ექნებოდათო! - დაასკვნა გაბრწყინებულმა და ამ აღმოჩენით გახარებულმა ასძახა:

- რას გეტყვი იციო... შენი ბადალი, ალბათ, ჯერ არ დაბადებულა ამქვეყნად; მაინც ვერავისთვის გაგიმეტებ და ისღა დამრჩენია მოგიტაცოო!

გოგომ ღიმილით ჩამოსძახა - რა იცი, იქნებ ჩემი ფეხით მოგყვებიო?!

დასაწუნი რა ჰქონდა - მზეჭაბუკივით ყმაწვილი იყო, თან ერთობ მსუყე ქონების პატრონიც გახლდათ, მაგრამ თბილისელ მშობლებს დედისერთა ქალიშვილი სოფლისთვის არ ემეტებოდათ და იყვნენ ერთ ამბავში, სანამ ახალგაზრდები არ გაიპარნენ!
(გაპარვები და მოტაცებები იცოდნენ მაშინ)...

გოგოს მშობლებიც ბედს შეურიგდნენ (სხვა რა გზა ჰქონდათ)... საბოლოოდ კი, ისე შეუყვარდათ კახელი სიძე - ღვიძლ შვილში არ არჩევდნენ, თან იმედს არ ჰკარგავდნენ, რომ ახალგაზრდები დედაქალაქში დასახლდებოდნენ, მაგრამ იმხელა მამაპაპისეულ სახლ-კარს მოვლა-პატრონობაც გვარიანი სჭირდებოდა!

ასე ჩარჩნენ სოფელში... მერე და მერე, აღარც ისურვეს ქალაქში გადასახლება; გული აღარ მიუწევდათ; სიმყუდროვეს ვეღარ ელეოდნენ!
(სიდედრ-სიმამრიც: ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული ჩვენი შვილი, ღმერთმა სულ ასეთი ბედნიერი გვიმყოფოსო - ამასღა ამბობდნენ)...

შაქარას ხელში მთლად ზღვად გასკდა ქონება; ისეთი გამრჯე და ისეთი მადლიანი ვინმე გახლდათ!
(ოჯახსაც დუღდა - გადმოსდიოდა და უსაყვარლეს ცოლ-შვილსაც ჩიტის რძეს არ აკლებდა, ისე ანებივრებდა... მოკლედ, ავ თვალს არ ენახვებოდნენ)...

სტუმრიანობას ხომ, ნუღარ იკითხავთ!
(ამჯერადაც დიდი სტუმრიანობა ჰქონდა და ლხინი გამართული)...

რომ ვერაფრით გაახსენეს, მეგობრებმა, "გაევროპელებული" ჯგუფელი - უფრო გულიანად ახითხითდნენ: შენ სულ აშოლტილ გოგოებს დასტრიალებდი თავს და დაგვაჯულ ლამზირას როგორ შეამჩნევდიო?!

არ დაიზარეს, დატრიალდნენ და ინტერნეტში გამოჩხრიკეს ვერაფრით გახსენებული თანაჯგუფელი!
(სოცქსელში გამოჭიმულ - ყელმოღერებული, თავის სტუდენტობის დროინდელი ფოტოებითა და მთელი ამბებით)...

ათვალიერა ჩვენმა შაქარამ გულდასმით, მაგრამ მაინც ვერაფრით გაიხსენა!

იმათაც მეტი რა უნდოდათ: არც აცივეს, არც აცხელეს - აქირქილდნენ, აქილიკდნენ, ბახუსმაც თავისი ჰქნა და მისდგნენ ყოფილ თანაჯგუფელს, მარა რას მისდგნენ...

ამას რა ევროპა უშველიდაო?!

ერთი შეხედეთ, ველოსიპედზე ისე იჯგიმება, თითქოსდა ლამბორჯინის საჭეს უზისო!

დახეთ, ქმარი კი მოუხერხებია და უშოვია, მაგრამ ეტყობა ბერწი გამოდგაო!

ან სახე რას უგავს, ან დაგვალული ტან-ფეხი, ან თავი როგორ გასიებია - გადამწიფებული ყარფუზივითაო! - უქცევდნენ კახურად და იგუდებოდნენ სიცილით...

ისე იბღინძება, თვითკმაყოფილ - წარბაწეული, გეგონება, მოჯამაგირედ კი არ იდგეს - მინისტრთა კაბინეტში იჯდესო!

მერე სადღაც ლამზირას ნაამბობიც გამოქექეს და ახლა ამაზე ახორხოცდნენ:

ნეტა, ამ კოტიტა ტან-ფეხს რა "ძალიან ლამაზი და მსუბუქი საზაფხულო" კაბის ყიდვა უშველის - "შავ ფონზე წვრილი წითელი ვარდებით" და "სადაფის მარაო"ს "ბროში"თაო?!

თან უკანასკნელი გროშებიც რო მიუთხლეშია:

თანხაშემოლეულმა "მაინც არ დავინანე"ო, მივდექ-მოვდექი, აქეთ ვეცი - იქეთ ვეცი "და ასეთი სიხარული მოვინიჭე"ო, მაგრამ ვერ კი მივხვდი - თავის მაგივრად ფუტურო გოგრა რომ მაბია და ზედ ქინძი ამომდის... მანამ, სანამ ამ ჩვენი ბიჭის, "ვალოდია" მაიაკოვსკის, ლექსი არ "შემომეფეთა" და "აი, ასე" არ "გამკენწლა"ო:
"Брошки — блещут... на тебе! — с платья с полуголого.
Эх, к такому платью бы да ещё бы... голову!"

აი, შენი ყავარზე გადებული გაქუცული კუდის მზემაო, რუმბივით გასიებული თავის ხეთქვამაო, მეხი და მედგარი რო დაგეცეს მაგ ქეციან გოგრაზედაო! - ქოქოლაც მიაყარეს სიცილ-ხარხარით...
(ასეთი ენამწარეებიც არ იყვნენ - კახურმა ღვინომ უფრო აახორხოცა განა)...

ისე, ამ მამაცხონებულს, თუ მწერლობას სჩემობს, ამდგარიყო სათანადოდ დაეწერა - ეს უბადრუკი ნაბჟუტურები რა გამოსაფენი იყოო?!" - გულწრფელად გაიოცა შაქარამ...

ჩვენც მანდა ვართ... იმის არ იყოს, ბრმას რომ ჰკითხეს:

- რას სჩივიო?
- რას ვჩივი და ორთავ თვალის სინათლეს, საშველი-კი არსაით მოსჩანსო!

მე თუ მკითხავთ, ვაი-მწერალ-პოეტ-მთარგმნელობა-მხატვრობაზე მეტად სავალალო ის გახლავთ: ამ ჩვენს ჯგუფელს რომ ეგონოს - რაღაცას მაინც წარმოადგენს, თავის დამცირებასაც ითაკილებდა და არც მსგავს მდაბიურ პირფერობას იკადრებდა!
(გამოდის, მშვენივრად ხვდება, რომ არაფერს წარმოადგენს, თორემ გენიოსი რომ ეგონოს თავი - მაამებლური კუდის ქიცინი რაღაში დასჭირდებოდა?!)...

ეს ერთი, მერე მეორე, მიკვირს და გამკვირვებია საშოვარზე წასულებისა: ამდენი თავისუფალი დრო, ნეტავ, საიდან აქვთ?!
(საინტერესოა, ფულს იქ რაში უხდიან: 24 საათი ინტერნეტში რომ დაეხეტებიან უგზო-უკვლოდ, ნუთუ იმაში?!)...

კიდევ, ის მაღონებს: ვინ იცის, როგორ არცხვენენ მრავალტანჯულ საქართველოს!
(უნამუსობით ცალკე, უსაქმურობით ცალკე და უსირცხვილობით ცალკე)...

აბა, ლამზირასნაირებს სინდისი რომ გააჩნდეთ, საქმე რომ ჰქონდეთ, ან სირცხვილის გრძნობის მსგავსი რამ... სათქმელიც, ძვირის მაგივრად, კარგის მეტი ხომ არაფერი გვექნებოდაო?! - ნანახ-გაგონილი, მისხალ-მისხალ, აწონ-დაწონა შეფიქრიანებულმა მასპინძელმა...

ჰო, შენ სიტყვა, ძველებურად, ბანზე აგვიგდე, ადექი და უფრო საგულდაგულოდ შეინახე: საუკეთესო ლექსები, მოთხრობები თუ სიმღერებიო - უკვე მერამდენედ შეუტიეს მეგობრებმა...

ვაჰ, საუკეთესო თუა, მხოლოდ ჩემიანებისთვის მემეტება: სხვებისთვის სად მცალია, ან სხვებს რა ხელი აქვს ჩემს სულთან და გულთანო - იხტიბარი არ გაიტეხა ნაამებმა შაქარამ...

* * *
შემოდგომა იდგა კახეთში... ქარვისფერი, ხვავიანი, ბარაქიანი, მოსავლიანი, თავბრუდამხვევი სურნელით... შაქარასავით დინჯი, თბილი და ტკბილი...

იყო ერთი სიცილ-კისკისი, მხიარულება, გულიანი მოლხენა, დროსტარება, ხალისი, ცეკვა-თამაში, სიმღერა, ლექსების თქმა და უდიდესი აღმაფრენა!

ყველა ნიჭიერ კაცს გაუმარჯოსო! - გურგურა კახელებმა... უხეიროები, კიდენა, შორს ჩვენგანაო! - ასე ბრძანეს... ;)

bottom of page