top of page
ძიუნიტირო  ტანიძაკი / სვირინგი
 Junichiro  Tanizaki / The  Tattooer
 ძიუნიტირო  ტანიძაკი / სვირინგი

იმ  დროში, ქარაფშუტობა  ითვლებოდა  უშუალო  ხასიათის  სირბილედ  და  ცხოვრება  იყო  უფრო  მარტივი... გაცილებით  მარტივი, ვიდრე  დღეს - გაუთვალიწინებელი  მოვლენებისა  თუ  რადიკალური  ცვლილებების  ეპოქაში!

დიახ, იყო  ისეთი  გადაპრანჭული  დღესასწაულების  საუკუნე, როცა  მჭევრმეტყველება, უდარდელი - მაამებელი  მასხარებისა, გავლენიანი  ხალხის  გუნება-განწყობისთვის  იყო  განკუთვნილი  და  რაღა  თქმა  უნდა, სასახლის  კარის  დიდებული  ქალბატონებისა  თუ  გეიშების  გასამხიარულებლად, ხოლო  სათაყვანო  გმირები: სადაკურო, ძირაია  და  ნარუკამი, ილუსტრირებული  რომანების  ფურცლებზე (ისევე,  როგორც  თეატრალურ  წარმოდგენებში), ქალებს  ანსახიერებდნენ...

მაშინ, სილამაზე  მოიაზრებდა  ძლიერებას, ხოლო  უსახურობა - სისუსტეს, ამიტომაც  ადამიანები  სილამაზის  გამო  ყველაფერზე  მიდიოდნენ:

უკან  არაფერზე  იხევდნენ... შეჰყავდათ-რა  კანქვეშ, შხამგარეული, საღებავების  ნაზავი  და  უცნაური  ფორმისა  თუ  შინაარსის  მქონე  ფერად-ფერადი  ნახატებით  იფარავდნენ, თითქმის, მთელ  სხეულს!

ამდენად, მხიარული  კვარტლის, ედოს, მუშტრებიც, თავიანთი  პალანკინებისთვის, მხოლოდ  ნაირფერი  სვირინგებით  მოხატულ  მტვირთავებს  ქირაობდნენ...
(ქალებიც, იოსივარიდან  და  ტაცუმიდან, მეტ  კეთილგანწყობას, სწორედ, მოსვირინგებულთა  მიმართ  იჩენდნენ)...


ამგვარი  სამშვენისების  მოყვარულთა  შორის  იყვნენ: არა  მარტო  აზარტული  მოთამაშეები, მეხანძრეები  ან  სხვა  მსგავსი  წვრილფეხობა, არამედ  ფრიად  პატივცემული  მოქალაქენიც... და  ზოგჯერ, თვით, სამურაებიც  კი!

დროდადრო  რიოგოკუში  საგანგებოდ  ეწყობოდა  ჩვენებები, სადაც  მონაწილეები, ამაყად, იწონებდნენ  თავს  ახალ-ახალი  სვირინგებით: ერთმანეთს  სამშვენისებსაც  უქებდნენ  და  ნახატების  ავ-კარგზეც, მთელი  სერიოზულობით, მსჯელობდნენ...

სწორედ  მაშინ  ცხოვრობდა  ერთი, უჩვეულო  ოსტატობის  მქონე, ახალგაზრდა  მესვირინგე - სახელად  სეიკიტი  და  მისი  შედარება  შეიძლებოდა, მხოლოდ, საუკეთესოთა  შორის  საუკეთესოებთან: ისეთები, როგორებიც  იყვნენ  ტიარიბუნი  ასაკუსიდან  ან  იაცუჰეი  მაცუსიმა-მატიდან!

ათობით  ადამიანის  კანი  აბრეშუმივით  ეფინებოდა  მისი  ფუნჯის  ქვეშ, შემდეგ - ნემსის... და  სწორედ  მას  ეკუთვნოდა  უმრავლესობა  ნამუშევრებისა - საყოველთაო  აღტაცებას  რომ  იმსახურებდნენ  სვირინგების  გამოფენებზე!

დარუ-მა  კინი  განთქმული  იყო  დახვეწილი  რეტუშით, კარაკუსა  გონტა - მეწამულ  ფერთა  სიხასხასით, სეიკიტი-კი  განთქმული  იყო  განუმეორებელი  სტილითა  და  საოცარი  წარმოსახვის  უნარით...

ადრე, იგი, ტოიოკუნისა  და  კუნისადის  უკიიო-ე  სკოლის  მხატვარი  გახლდათ, მაგრამ  მას  შემდეგ, რაც  ხელოვნება  მესვირინგის  ხელობაში  გასცვალა, დაგროვილი  ცოდნა - გამოცდილება  უკვე, თავს  იჩენდა  ნამუშევრის  უბადლო  შესრულებასა  თუ  ფერთა, განსაკუთრებულ, ჰარმონიულ  შეხამებაში!

ისინი, ვისი  კანიც (ან  აღნაგობა) არ  მოეწონებოდა: ვერანაირი  გასამჯელოთი  ვერ  შესძლებდნენ  სეიკიტის  დაყოლიებას, ხოლო  ვის  მოსვირინგებასაც  ინებებდა - უსიტყვოდ  უნდა  მინდობოდა  ოსტატს, რომელსაც  თავად  უნდა  შეერჩია  ნახატი  და  დაესახელებინა  სასურველი  ფასი, რომ  შემდეგ, მთელი  თვე (ზოგჯერ  ორიც), აეტანა  მისი  ნემსით  მიყენებული, გაუსაძლისი, ტკივილი!

სულის  სიღრმეში, მხატვარი, იდუმალ  ნეტარებას  განიცდიდა  და  ერთი  სანუკვარი  ოცნება  ჰქონდა...

მას  სიამოვნებას  ჰგვრიდა  იმ  საბრალოების  კრუნჩხვა - კვნესა, რომელთაც  ნემსით  სჩხვლეტდა (უშანთავდა-რა  შეშუპებულ, გავარვარებულ, ხორცს) და  რაც  უფრო  ხმამაღლა  კვნესოდა  მისი  მსხვერპლი - მით  უფრო  მეტად  ნეტარებდა  მტანჯველი, შესაბამისად, უდიდეს  სიამოვნებას  ანიჭებდა  ყველაზე  მტკივნეული  პროცედურები: რეტუშის  დადება  ან  კანის  კინოვარით  გაჯერება...

მას  შემდეგ, რაც  გადაიტანდნენ: ხუთ-ექვს  ასეულ  ჩხვლეტას (ჩვეულებრივ - დღის  სეანსის  განმავლობაში), შემდეგ  კი, ორთქლის  აბაზანას  მიიღებდნენ (საღებავის  უკეთ  გამოსავლენად)... ყოველი  მათგანი, სიქაგამძვრალი, ცოცხალ-მკვდარი  ეცემოდა  სეიკიტის  ფეხებთან!

ოსტატი  გულგრილად  ადევნებდა  თვალს  ამ  უბადრუკ  სანახაობას:

- "დავიჯერო, მართლა  გტკივათ?!" - კმაყოფილი  ღიმილით  აღნიშნავდა  იგი, როცა  განაწამები  ტკივილისგან  ყვიროდა, ან  სიმწრისგან  ერთიანად  ცახცახებდა, ხოლო  ტანჯვას  ისე  დაემანჭა - თითქოსდა  აგონიაში  ყოფილიყოს...

- "მისმინეთ, თქვენ  ხომ  ედოკო  ხართ, თანაც, ჯერ, ბწკენაღა  თუ  გიგრძვნიათ!" - და  ძველებურად  აგრძელებდა  მუშაობას, აუღელვებლად: კმაყოფილი  სახით  დაჰყურებდა-რა  მსხვერპლის  ცრემლით  დანამულ  ღაწვებს...

ზოგიერთი  მათგანი, შედარებით  თავმოყვარე, ძალამოკრებილი  ითმენდა  მწარე  ტკივილს  და  თავის  თავს  წარბშეკვრის  ნებასაც  არ  აძლევდა... ასეთ  შემთხვევაში, სეიკიტი  ირონიულად  იცინოდა - ქათქათა  კბილების  ბასრი  ელვით:

- "აჰ, შე  ჯიუტო, ესე  იგი  არ  გინდა  გატყდე?!"
"კარგი, მაშინ  ვნახოთ: მალე  სიმწრისგან  ოთხად  რომ  მოიკეცები!"
"დარწმუნებული  ვარ, ამას  უკვე  ვეღარ  გაუძლებ!"

აი, უკვე  მერამდენე  წელია - ერთი  ოცნებით  ცხოვრობდა: იგი  ნატრობდა, შეექმნა  არნახული  ხელოვნების  ნიმუში - უმშვენიერესი  ქალის  სხეულზე, რომ  მასში  ჩაექსოვა  მთელი  სული  და  გული...

ამისათვის, უპირველეს  ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი  იყო  ქალის  შინაგანი  სამყარო: მხოლოდ  მშვენიერ  სახესა  და  ლამაზ  ტანს  ვერ  იკმარებდა!

მან  გულმოდგინედ  შეისწავლა  ედოს  მხიარული  კვარტლების  ყველა  ცნობილი  ლამაზმანი, მაგრამ  სამწუხაროდ, ვერცერთი  ვერ  აკმაყოფილებდა  მის  მოთხოვნებს...

ასე  გავიდა, უშედეგო  ძიების, რანდენიმე  წელიწადი... წარმოსახვაში  არსებული  სრულყოფილი  ქალს  სახება  კი, ძველებურად  უჩქროლებდა  გულს  და  კვლავინდებურად  უღვივებდა  იმედის  ნაპერწკალს!

ერთხელ, ზაფხულის  საღამოს, უკვე  ოთხი  წლის  უშედეგო  ძებნა-ძიების  შემდეგ, სეიკიტი, თავის  სახლთან  ახლოს - ფუკაგავეში, რესტორან "ჰირასეის" მხარეს  მიდიოდა, როდესაც  დაინახა  კარიბჭესთან  მომლოდინე  პალანკინის  ფარდაგიდან  გამომზირალი, საოცარი  სიმშვენიერის, თოვლივით  ქათქათა, ქალის  შიშველი  ტერფი...

მის  მახვილ  თვალს  ადამიანის  კიდურები  არანაკლებს  ამცნობდა, ვიდრე  თვალები  და  სახე, ხოლო  რაც  მან  დაინახა - ნამდვილი  სრულყოფილება  გახლდათ:

ჩამოსხმული  ფეხის  თითები, ნატიფი  ფრჩხილები (ენოსიმას  სანაპიროს  ნიჟარების  სადაფის  მსგავსი) მრგვალი, სალუქი, მარგალიტის  დარი, ქუსლები... ატლასივით  მბზინავი  კანი, თითქოსდა  მთის  ბროლივით კამკამა  ჩანჩქერებში  ნაბანი...

დიახ, ეს  ფეხი  უდავოდ  იმსახურებდა, რომ  მისთვის  დაღვრილ  სისხლში  გაევლო  და  მოქიშპეების  ძირს  განრთხმული, უსულო, სხეულებისთვის  სათითაოდ  გადაებიჯებინა!

მხატვარი  მიხვდა, რომ  ეს  უმშვენიერესი  ტერფი  შეიძლება  ეკუთვნოდეს - მხოლოდ  ერთადერთ  ქალს, რომელსაც  ამდენი  წელია  ეძებდა:

სუნთქვაშეკრული, იმ  იმედით, რომ  უცნობი  ღვთაების  სახეს  იხილავდა, უკან  აედევნა, მაგრამ  თითქოს  ცამ  ჩაყლაპაო - ისე  უცბად  დაკარგა  პალანკინი  თვალთახედვიდან...

სეიკიტის  სანუკვარი  ოცნება  მწველ  ვნებად  გადაიქცა... და  აი, ერთხელ, ამ  შეხვედრიდან  ერთი  წლის  შემდეგ, გვიან  გაზაფხულზე, ფუკაგავაში - საგას  კვარტალში, ოსტატი  უთენია  გამოსულიყო  თავის  სახლის  ბამბუკის  ვერანდაზე  და  ქოთნებში  მოღაღანე  ომოტოს  შროშანების  ცქერით  ტკბებოდა, მოულოდნელად, ჭიშკრის  საკეტის  ჭრიალი  რომ  გაისმა:

ბაღის  კუთხიდან  გოგონა  გამოჩნდა, რომელიც, დრაკონებითა  და  გველეშაპებით  მოხატული  ჰაორის  მიხედვით, ნაცნობი  გეიშას  მიერ  გამოგზავნილი  შიკრიკი  უნდა  ყოფილიყო...

- "დაიკომ  ეს  კიმონო  თქვენთან  გამომატანა  და  შემოგითვალათ, რომ  მისი  შიდა  მხარე  მოუხატოთ" - უთხრა  გოგონამ, შემდეგ  ზაფრანისფერი  შეკვრა  გახსნა  და  ქაღალდის  სქელ  ფურცელში (მსახიობ  ტოძიაკუ  ივაის  პორტრეტით) გახვეული  ქალის, აბრეშუმის, კიმონო  ამოიღო  თანმხლები  წერილით:

წერილი  თხოვნას  ადასტურებდა, აგრეთვე  აცნობებდა, რომ  ამბის  მომტანი  მალე  თავად  გახდებოდა  გეიშა  და  ამ  საქმეში, ბარათის  გამომგზავნს, სეიკიტის  თანადგომის  დიდი  იმედი  ჰქონდა!

- "არსად  მინახიხარ  ადრე?!"
"ამ  ბოლო  დროს, ხომ  არ  შემოგივლია  ჩემთან?" - ჰკითხა  მხატვარმა, თან  რომ  ყურადღებით  შეისწავლიდა  სტუმრის  გარეგნობას...

გოგონა  თხუთმეტი-თექვსმეტი  წლის  თუ  იქნებოდა, მაგრამ  მისი  სახე  შემკული  იყო... რაღაც  უჩვეულო, ჩამოყალიბებული, სილამაზით: თითქოსდა  უკვე  მრავალი  წელი  გაეტარებინა  მხიარულ  კვარტლებში, სადაც  არაერთი  ცოდვილი  ეცდუნებინა!

იგი  ღირსეული  მამაკაცებისა  და  მომხიბვლელი  ქალების, მთელი  რიგი  თაობების, ჯადოსნურ  გაგრძელებას  ჰგავდა, რომელთაც  ეცხოვრათ  და  გარდაცვლილიყვნენ  ამ  უზარმაზარ  დედაქალაქში, სადაც, ყოველგვარ  მანკიერებასთან  ერთად, ერის  მთელ  სიმდიდრეს  მოეყარა  თავი!

ოსტატმა  სტუმარი  ვერანდაზე  დასვა  და  მისი  შიშველი  ფეხების (თუ  არ  ჩავთვლით: მსუბუქ, ჩალის - "ბინგო", სანდლებს) თვალიერებას  შეუდგა...

- "შარშან, ივლისის  თვეში, ხომ  არ  მოგიხდა  ჰი-რასეადან  პალანკინით  გამგზავრება?" - ჰკითხა  მან!

უცნაურმა  შეკითხვამ  გოგონას  ღიმილი  მოჰგვარა:

- "შესაძლოა!"
"მამაჩემს, სანამ  ცოცხალი  იყო, ხშირად  დავყავდი  ჰი-რასეაში"...

- "აი, უკვე  ხუთი  წელია  გელოდები!"
"შენს  სახეს  პირველად  ვხედავ, მაგრამ  მე  დამამახსოვრდა  შენი  მშვენიერი  ტერფი!"
"მისმინე, რაღაცა  მინდა  რომ  გაჩვენო... მოდი  ავიდეთ  ჩემთან, ერთი  წუთით!"

მხატვარმა  ხელი  მოჰკიდა  დასამშვიდობებლად  წამომდგარ  სტუმარს  და  მეორე  სართულზე  აიყვანა, თავის  სახელოსნოში, რომელიც  წყალუხვ  მდინარეს  გადაჰყურებდა...

მან  თაროდან  ორი  ტილოს  გრაგნილი  ჩამოიღო  და  ერთ-ერთი  მათგანი  გაშალა:

სურათზე  გამოსახული  გახლდათ  ჩინელი, დიდგვაროვანი, ქალი (რჩეული  იმპერატორ  ჩუსი, შანების  დინასტიიდან), რომელის, მდიდრულად  მორთულ-მოკაზმული, კაბის  კალთები  კიბის  საფეხურებზე  იყო  მიმოფენილი, ხოლო  ქვის  მოაჯირს  ისე  დაყრდნობოდა, თითქოსდა, ქანცგაეწყვიტა, მარჯნებითა  და  ლაზურიტებით  უხვად  მოჭედილი, ოქროს  გვირგინის  სიმძიმეს...

მას  პირთან, მარჯვენა  ხელით, ღვინის  მოზრდილი  თასი  მიჰქონდა, თან  სიკვდილით  დასჯის  სამზადისს  უმზერდა:

სასახლის  ბაღში, მსხვეპლი  სპილეძის  ბოძზე  მიეჯაჭვათ, რომლის  წიაღშიც  ცეცხლი  უნდა  დანთებულიყო!
(აღსანიშნავია, რომ  ავტორს  განსაკუთრებული  ოსტატობით  გადმოეცა: ქალბატონის  წინაშე  მუხლმოდრეკილი, თავდახრილი, ბედს  დამორჩილებული, მამაკაცის  სახის  გამომეტყველება)...

შეხედა  თუარა  ამ  უცნაურ  სურათს - გოგონას, უნებურად, თვალები  გაუბრწყინდა, ტუჩები  აუთრთოლდა  და  მისი  სახე  გასაოცრად  დაემსგავსა  ტილოზე  გამოსახულ  ქალს!
(ნახატში  მან  მიაგნო  თავის, ფარულ, შინაგან  სამყაროს)...

- "ამ  ტილოზე  ასახულია  შენი  სული!" - თვითკმაყოფილი  ღიმილით, თვალმოუშორებლად, წარმოსთქვა  მხატვარმა...

- "რატომ  მეუბნებით  ასეთ  საშინელებას?!" - შეანათა  გოგონამ  გაფითრებული  სახე...

- "ქალი, სურათზე, შენ  ხარ!"
"მისი  სისხლი  შენს  ძარღვებში  სჩქეფს!" - და, ისე  რომ  სტუმრისთვის  თვალი  არ  მოუშორებია, მეორე  გრაგნილი  გაშალა...

ნახატს  ერქვა: "ნეშტი" და  მასზე  გამოსახული  იყო  ქალი, რომელიც  საკურას  მიყრდნობილი  ტკბებოდა: თავის  ფეხებთან  დაყრილი, უთვალავი  მამაკაცის, უსიცოცხლო, გვამის  ცქერით!

გვამებს  თავს  დასტრიალებდა  მოჟრიამულე  ფრინველთა  გუნდი... ქალს  კი, თვალები  უსაზღვრო  სიამაყითა  და  სიხარულით  გაცისკროვნებოდა!

გოგონას  სახეზე  ეწერა, რომ  მას  თავის  თავში  აღმოეჩინა  ის  იდუმალი, სანუკვარი, ასე  ღრმად  რომ  მიმალულიყო, სადღაც, სულის  მიუწვდომელ  კუნჭულში:

- "რა  არის  აქ  გამოსახული: ბრძოლის  ველი  თუ  აყვავებული  ალუბლის  ბაღი?!"

- "ამ  სურათზე  შენ  ხედავ  საკუთარ  მომავალს!"
"დღეიდან, მამაკაცები  ზუსტად  ასევე  გასწირავენ  სიცოცხლეს  შენი  გულისთვის!" - სთქვა  ოსტატმა  და  მიუთითა  ცბიერი  ქალის  გამოსახულებაზე, რომელიც  წვეთი  წყალივით  ჰგავდა  გოგონას...

- "ასე  მგონია, საკუთარ  თავს  ვხედავ  სხვა  ცხოვრებაში!"
"გთხოვთ, მოაშორეთ  ეს  ნახატები!" - იხვეწებოდა  იგი, გრაგნილებისგან  ზურგშექცეული: თითქოს  უნდოდა  გასცლოდა  რაღაც  უხილავ, ანდამატივით  მიმზიდველ, ძალას...

- "დიახ, გამოგიტყდებით, რომ  მართალი  ბრძანდებით, სულის  სიღრმეში  მეც  ასეთი  ვარ  და  ამიტომაც  გევედრებით: მომაშორეთ  ნახატები, მეტი  ნამდვილად  აღარ  შემიძლია!"

- "ნუ  ღელავ, სჯობს  უფრო  ყურადღებით  დააკვირდე!"
"შეიძლება, ჯერ  კიდევ  გაქვს  შიშის  გრძნობა, მაგრამ  ეს  მალე  გაგივლის!" - და  სეიკიტის  სახეზე, ჩვეულმა, ირონიულმა, ღიმილმა  გაიელვა...

გოგონა, იატზკზე  ჩაჩოქილი  და  კიმონოს  სახელოში  სახეჩარგული, იმეორებდა:

- "გთხოვთ, გამიშვათ!"
"არ  მინდა  თქვენთან  დარჩენა, მეშინია!"

- "ცოტა  მოიცადე, მე  შენგან  ნამდვილ  მზეთუნახავს  შევქმნი!" - აღგზნებულმა  ჩაიჩურჩულა  მხატვარმა  და  ფრთხილად  მიუახლოვდა...
(მას  ჯიბეში, ჰოლანდიელი  ექიმის  მიერ  ნაბოძები, მათრობელა  სითხით  სავსე, პატარა, ქილა  ჰქონდა  დამალული)...

მდინარის  ზედაპირზე  მზე  ოქროსფრად  ენთო... და  მთელი  სახელოსნო, მისი  არეკლილი  შუქისგან, თითქოს  ცეცხლის  ალში  იყო  გახვეული:

სხივები, წყლის  ზედაპირიდან, სრიალ-ბზრიალით  მოლიცლიცებდნენ - ოქროს  ტალღებში  რომ  გაეხვიათ  ქაღალდის  მოხატული  ტიხრები  და  ღრმა  ძილს  მიცემული  გოგონას  სახე...

მხატვარმა  კარი  ჩაკეტა, ხელსაწყო  მოიმარჯვა, ჩამოჯდა  და  მოულოდნელად, აღფრთოვანებისგან, გაშეშდა, რადგან, მთელი  სისრულით, მხოლოდ  ახლაღა  შეიგრძნო  ქალის  მომხიბლელობა:

გაიფიქრა, რომ  შეეძლო  ასე, ხმის  ამოუღებლად, მჯდარიყო  ათი  წელი, ასი, თუნდაც  მარად... და  მაინც  ვერ  იჯერებდა  გულს  ამ  მშვენიერი  სახის  ცქერით!

ალბათ  ისე, როგორც  უძველესი  მემფისის  მცხოვრებლებმა  შეამკეს  ეგვიპტის  გასაოცარი  მიწა  პირამიდებითა  და  სფინქსებით - იგი  აპირებდა  თავისი  სიყვარულით  შეემკო  გოგონას  აბრეშუმივით  კანი...
და  აი, მარცხენა  ხელით  ფუნჯი  აიღო, წვერით  ქალის  ზურგს  შეეხო, ხოლო  მარჯვენათი - ნემსი  მოიმარჯვა:

ახალგაზრდა  ოსტატის  სული, თითქოს, სითხედ  იღვრებოდა  და  ნელ-ნელა, სქელ  საღებავებს  ერთვოდა, რომ  შემდეგ, სამუდამოდ, აღბეჭდილიყო  გოგონას  სხეულზე...

ყოველი  წვეთი, გაზავებული  კინოვარის  სპირტით, რიუკიუს  კუნძულებიდან, მისი  სულის  ნაჟურს  უერთდებოდა  და  მხატვრის  ვნება, თანდათან, სვირინგის  ელფერს  იძენდა!

მალე  შუადღე  მიიწურა  და  გაზაფხულის  წყნარი  დღე, შეუმჩნევლად, საღამოს  ბინდ-ბუნდმა  შეცვალა, ოსტატს-კი  ერთხელაც  არ  შეუსვენია!
(გოგონაც  არც  ერთხელ  არ  შეფხიზლებულა)...

გეიშას  ლაქია, რომელიც  მოვიდა  იმის  გასაგებად - თუ  რატომ  დააგვიანდა  შიკრიკს  დაბრუნება, მხატვარმა  უკან  გასიტუმრა: უთხრა, რომ  იგი  დიდიხანია  უკვე, რაც  მისგან  წასულიყო!

როცა  მთვარემ, მდინარის  მეორე  ნაპირზე, რესტორან "ტიოსიუს" სახურავს  გადმოხედა  და  სანაპიროზე  მიმოფანტულ  შენობებს  მკრთალად  დაანათა... სვირინგი, ჯერ  კიდევ, სანახევროდაც  არ  იყო  მზად:

სეიკიტი, უკვე, სანთლის  შუქზე  მუშაობდა, თავაუღებლად, რამეთუ  ნებისმიერი, თუნდაც  უმცირესი, მონაკვეთის  დამუშავება - მისგან  უდიდეს  ძალისხმევას  მოითხოვდა, ამასთან  ყოველი  ნემსის  ჩხვლეტაზე  მხატვარი  ისე  ოხრავდა, თითქოსდა  ნემსის  წვერი  გულის  ფიცარს  უსერავდა...

თანდათან  სვირინგი  უზარმაზარი  ობობის, "ძიროს", ფორმას  იღებდა... და  იმ  დროისთვის, ღამის  ცას  ნათელი  რომ  შეეპარა, ამ  უცნაურმა, ვერაგმა, არსებამ, თავისი  რვა  საცეცი  გოგონას  ბეჭებს  შემოაჭდო!

როდესაც  გაზაფხულის  ღამე  ცისკარმა  გაანათა, მდინარის  წელზე, ზემოთ - ქვემოთ  მოცურავე  ნავების  მოჭრიალე  ნიჩბების  ხმამ, სიოსგან  დაბერილი  თეთრი  აფრების  თავზე, ნისლი  გაფანტა  და  მზის  სხივებმაც, მყისვე, ააბრდღვიალა  სახლის  სახურავები: ტიუსიუში, ჰაკოძაკსა  და  კუნძულ  როჰანზე...

მხატვარმა  ფუნჯი  გვერდზე  გადადო  და  გოგონას  ზურგზე  ობობის  ცქერით  ტკბებოდა:

მისი  სული  ამ  სვირინგში  იყო  დატყვევებული... და  ახლა, როცა  უკვე  მუშაობას  მორჩა, მხოლოდ  სიცარიელესღა  გრძნობდა!

ქალს  ჯერ  კიდევ  არ  ეტყობოდა  სიცოცხლის  ნიშანწყალი, როდესაც  სეიკიტის  დაბალი, ჩახლეჩილი, ხმა  გაისმა:

- "შენგან  რომ  ნამდვილი  მშვენება  შემექმნა... სვირინგში  მთელი  სული  და  გული  ჩავაქსოვე!"
"მერწმუნე, იაპონიაში  არ  მოიძებნება  ისეთი  ქალი, რომელიც  მეტოქეობას  გაგიწევს!"
"შენში  უკვე  გაუბედავობის  ნატამალიც  აღარ  არსებობს  და  ამიერიდან, ყველა  მამაკაცი  შენი  ფეხის  მტვრად  იქცევა!"

პასუხად, სუსტი  კვნესა  მოსწყდა  გოგონას  ბაგეებს: იგი  ნელ-ნელა  გონს  მოდიოდა  და  ყოველ  ჩასუნთქვა - ამოსუნთქვაზე, სანთლის  შუქზე, ავად  ირხეოდა  გიგანტური "ძიროს" საცეცები...

- "ალბათ  სუნთქვა  გიჭირს, რადგან  ობობას  მარწუხებში  ჰყავხარ  მოქცეული!"


ამ  სიტყვებზე  გოგონამ  თვალები  გაახილა, დაბნეულმა  მიმოიხედა (ჩამქრალი  გუგები  ისე  ენთებოდა, როგორც, საღამოს  ბინდში, სავსე  მთვარე  ივსება  შუქით) და  მისი  მოელვარე  მზერა  ოსტატის  სახეს  შეეყინა:

- "ჩქარა, მაჩვენეთ  სვირინგი!"
"და  თუ  ჩემთვის  საკუთარი  სული  არ  დაიშურეთ, ალბათ, მართლაც, ნამდვილ  მზეთუნახავად  ვიქეცი!"

მხატვარს  არ  გამოჰპარვია  მის  ნამძინარევ  ხმაში  გარეული, ახლად  გაჩენილი, სუსხი:

- "ჯერ, აბაზანის  მიღებაა  საჭირო - საღებავები  უკეთ  რომ  გამოვლინდეს, რაც  მტკივნეულია, მაგრამ  ცოტაც  უნდა  მოითმინო!"

- "თუ  ეს  გამალამაზებს, ყველაფერს  გავუძლებ!" - და, მიუხედავად  აუტანელი  ტკივილისა, გოგონამ  გაიღიმა...

* * * * *

- "აჰ, როგორ  მიჭამს  ცხელი  წყალი  კანს!"
"გთხოვთ, მარტო  დამტოვეთ: ადით  სახელოსნოში  და  იქ  დამელოდეთ!"
"არ  მინდა, მამაკაცმა  სიმწრისგან  მოკეცილი  მნახოს!"

აბაზანიდან  გამოსულს  იმის  თავიც  არ  ჰქონდა, რომ  ტანი  გაემშრალებინა... იატაკზე  ჩაკეცილი, აუტანელი  ტკივილისგან  გაწამებული, ისე  იგრიხებოდა  და  კვნესოდა, თითქოს  დემონებს  ჰყავდათ  შეპყრობილი!
(გაწეწილი  თმა  შუბლზე  უწესრიგოდ  ეყარა, მის  ზურგსუკან  კი, სარკეში, ორი  ქათქათა  ქუსლი  ირეკლებოდა)...

სეიკიტი  გაოგნებული  იყო  ცვლილებით, რომლიც  გუშინდელი  დღიდან  ქალში  მომხდარიყო, უსიტყვოდ  გაეცალა  და  სახელოსნოში  ავიდა, ხოლო, სულ  რაღაც, ნახევარი  საათის  შემდეგ  სტუმარიც  გამოეცხადა:

მოხდენილად  გამოწყობილს  საგულდაგულოდ  დავარცხნილი  თმა  მხრებზე  სცემდა, თვალებში  სრული  სიმშვიდე  ედგა (გადატანილი  ტკივილის  კვალიც  გამქრალიყო), ვერანდის  მოაჯირს  დაყრდნობოდა  და  გულგრილად  გასცქეროდა  ღრუბლების  ნაფლეთებით  ოდნავ  შეფიფქულ  ცას...

- "სურათებს  სვირინგთან  ერთად  გჩუქნი, აიღე  და  წადი!" - მან  გოგონას  ორივე  გრაგნილი  წინ  დაუდო...

- "საერთოდ  დავძლიე  ადრინდელი  გაუბედავობა... და  თქვენ  ხართ  პირველი, ვინც  ჩემი  ფეხის  მტვერდ  იქცა!" - ქალის  თვალებმა  ალმასის  სამართებლებივით  გაიკვესა!
(მას  უკვე  ესმოდა: გამარჯვების  ჰიმნის  პირველი  აკორდები)...

- "სანამ  წახვალ, კიდევ  ერთხელ, მაჩვენე  შენი  სვირინგი" - სთხოვა  ოსტატმა...

სტუმარმა  მხრებიდან  მსუბუქად  გადაიძრო  კიმონო, დილის  მზის  სხივები  ალივით  მოეკიდა  ქალის  ბეჭებს... და  სვირინგი  ცეცხლისფრად  აგიზგიზდა!



*ედოკო - წარმოშობით  ედოელი (ანუ  ტოკიოელი)...

*ძირო (ძირო-გუმო) - იაპონურ  მითოლოგიაში  ავსულის  ერთ-ერთი  სახეობა!
(ობობა - მაქცია: ითარგმნება, როგორც "ობობა-მეძავი", "ობობა-მაცდური")...

ადამიანად  გარდასახულ "ძიროს", ყველაზე  ხშირად, ყმაწვილი  ქალის  სახით  გამოხატავდნენ, ობობის  ოქროსფერი  ქსელით  მოხატულ, მუქ-ყავისფერ  კიმონოში  გამოწყობილს...

bottom of page