top of page

ყურე


(Mare as mundus - infinita, as tempus - aeterna; non canus at non moriatur)...

.

- ზღვაო, გუშინ-ღამ ეგზომ გაგულისებული რას ღელავდიო?! - კაცმა...

- ვაჰ, ზღვა ვარ და ვღელავ!
ან ამ ტიალ წუთისოფელში ასაღელვებელს რა გამოლევს?!

გუშინაც ქარაშოტმა ამიფორიაქა ზედაპირი, მაგრამ აშარი ქარი მაინც ვერას დამკლებს: როგორც არ უნდა ავბობოქრდე - ჩემს წიაღში სულ მუდამ სრული სიმშვიდე სუფევს...
თავად რაღამ არ მოგასვენა, გამთენიამდე ჭრაქი რომ გენთოო?!

- გამზრდელი მყავდა შეუძლოდ, სახსრებში სტეხდა და სატკივარმა თვალი არ მოგვახუჭინაო...

- დიდებული, მადლიანი ადამიანია შენი მოხუცი; ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს...

- ნეტა კი, ჩემი იმედიც ეგ არის!
მაგის მეტი ვინ გამაჩნიაო?! - მშობლიურ ფიცრულს, შეშფოთებით, გახედა კაცმა...

- გუშინდელი დღესავით მახსოვს: გამზრდელმა რომ ჩამოგიყვანა, ობლად დარჩენილი...
ერთიანად აკლებული გქონდა სანაპირო, მამობილის ნებიერასო - კენჭები ააჩხრიალა ზღვამ...

- მეც კარგად მახსოვს, პირველად რომ დაგინახე... თუ როგორ შევყურებდი, გაოცებისგან პირდაღებული, უკიდეგანოდ მოლივლივე სილურჯეს...

- შენს გაოგნებულ სახეს რა დამავიწყებს, ახლაც მეღიმება...
ის იყო ჩავთვლიმე და ადამიანის ერთი ციდა ნაშიერის აღტაცებული ტიტინიც ჩამესმა...

ეს ყურე რაღაც განსაკუთრებული მგონია, ალბათ თქვენ რომ მეგულებით იმიტომ!

- ეს ყურე მეც ყველაზე განსაკუთრებული მგონია, მთელი დედამიწის ზურგზეო - კვერი დაუკრა კაცმა...

- ერთი ის მითხარი, გვერდიდან რომ წუთითაც არ მშორდები, ჩემგან ასე სასოებითო რას ელიო?! - ჩაიქირქილა ზღვამ...

- სიკეთეს; სხვას რას უნდა ველოდეო?!
მეტად კი, გამოგიტყდები და, გულით საყვარელს ველიო!

- კაცო, ყოველ ცისმარე დღეს რო დაიზურგები და ჩემი ნაბოძები ნობათით ხელდამშვენებული მიადგები ნაპირს... მეტი რაღა სიკეთე გინდა?!
ან გულით საყვარელი რას ნიშნავსო?

- ყველაზე ძვირფას ადამიანს ნიშნავს; მთელი გულით და სულით რომ გიყვარს ისეთსო!

- მერე, მე რა შუაში ვარ, ხმელეთზეა საკაცეთი თუ წყალშიო?! - გაიკვირვა ზღვამ...

- სადაც გინდა იქ იყოს, ჩემი გუმანისა შენზე უკეთ ვის რა გაეგებაო?! - უფრო მეტად გაიკვირვა კაცმა...

- ნეტავ, ის მაცოდინა: ადამიანებს თვალი სულ სიყვარულისკენ რად გაგირბითო?! - ზვირთი ააგორა ზღვამ...

- იმად გაგვირბის, რომ სიყვარული გვახარებს კიდეც და გვაღონებს კიდეც...
ჰოდა კაცი ან სიხარულის გარეშე სად გაგონილა, ან დარდის გარეშე ვის უნახავს?!
მოკლედ, სიყვარულისთვის ვართ შექმნილებიო!

- მე თქვენი ვერაფერი გამიგია:
უერთმანეთოდ ვერ სძლებთ და მაინც ერთმანეთს ერჩით...
თუ რამე სარგებელია ხომ, ეჩოსავით მუდამდღე თქვენკენ მიითლით...
მუდამ თქვენსას მიერეკებით - სხვისი საწუხარი კი, ჩირადაც არ გიღირთო!

- ყველა სულიერი ერთმანეთს ვერჩით, მაგრამ განა ჩვენი ბრალია; მეტი რა ჩარაა, თუ ასეთნი შევუქმნივართ განგებასო?! - თავი იმართლა კაცმა...

- ეგ იქით იყოს, უფრო ის მაფიქრებს, მერედა, რომ ვერ იპოვო სანატრელი... რას იზამო?!

- რაღა უნდა ვქნა: ქვეყნიერება სხვა რა არის, თუ არა აუხდენელი ოცნებების სასაფლაო?!

ვაი რომ, ვისაც კი უცხოვრია ამქვეყნად და ოცნებების აუხდენელად გარდაცვლილა - ფუჭად უცხოვრია, ასე გამოდის...

ფუჭად და სულ ამაოდ - დასამარებული ოცნებების ამარად, მგლოვიარედ დარჩენილს... ჰოდა მეც ვიქნები კენტად, რა გაეწყობა?!

ჩემი ბედიც ეგ ყოფილა, მაგრამ მთლად მარტოც რად ვიქნები?!
გულით საყვარელი მამობილიც მყავს, ზღვაცა და მზეცო!

- ერთბაშად არ დაგიჯეროო - ნაამები გაიტრუნა ზღვა...

- ვითომ, უთქმელად არ იცოდეო - ულვაშებში ჩაეღიმა კაცს...

- კაი გვარიანი დრო გასულა შენთან მასლაათში; სადაც არის დაგვათენდება...
ცეცხლი მოასვენე... მეც ცოტას წავუძინებ თორემ, ვინ იცის წინ რა შფოთიანი დღე მელოდებაო - ზანტად შეირხა ზეწარივით გადასწორებულ ზედაპირზე არეკლილი, ვარსკვლავებით მოჭედილი, ცის კაბადონი...

- ძილი ნებისა, დაუდეგარო ზღვაო; მშვიდობიანი დილა გაგვთენებოდესო! - კაცმა...

bottom of page