top of page

ოქროს გუნდა
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.

ეს ამბავი, უმშვენიერესი, ნამცეცა ქვეყნის სატახტო ქალაქში მომხდარა...

ქალაქი მარადმწვანე ტევრით ყოფილა გარშემორტყმული და ზედ ტყის პირას, აივნებიან ქვის სახლში, რომელიც მესერით შემოღობილ - საუცხოოდ მოვლილ კარ-მიდამოში იწონებდა თავს, ერთ დევივით ბრძენკაცს უცხოვრია: თოვლივით თეთრი თმითა და თაფლისფერი მზერით...
(უფრო ზუსტად, თაფლის ფერით, რადგანაც მის თვალებში, თითქოსდა, მაისის კამკამა თაფლს გაუდიოდა ლივლივი)...

სითბო ხომ, უსაზღვრო ედგა იმ მოოქროვილ მზერაში და თან, ისე უცინოდა თვალები, თითქოს, ეს-ეს არის, იმხელა სიხარული განუცდია, რომ ვერაფრით დაუფარავსო...

- სახელად რა რქმევია?

- დევი დაურქმევიათ, მაგრამ ბავშვობაში დედა, თურმე, სიყვარულით, "ბომბორა გუნდას" ეძახდა, ეს მეტსახელი შერჩენიასავით და გუნდადაც ხშირად მოიხსენიებდნენ... ისე კი, დევკაცსაც ეძახდნენ, ბრძენკაცსაც, ამასთან "ოქროს გუნდაც" შეურქმევიათ, რადგან გულიც ბაჯაღლო ოქროსი ჰქონია!

- აკვიატებული მელოდიასავით ჩამესმის ათასგვარი ვედრებაო! - იტყოდა, მოიკეთებდა საქმეს და გზას დაადგებოდა...

შინ ისე არ დაბრუნდებოდა: ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის რომ არ ეშველა და სადღაც სიკეთის მარცვალი არ დაეთესა...

- ეჰ, ბრძენკაცო, რაღა გვიჭირდა ყველა შენნაირი რომ იყოს... ჯანდაბას, შენი ნახევარი მაინც იყოს, მაგასაც დავჯერდებოდითო! - შესჩიოდნენ საწუთროსთან ჭიდილით სიქაგამძვრალნი...

- ჩემთვის ადვილია მადლის გაღება; განგებას სიკეთის საკეთებლად შევუქმნივარო! - პასუხობდა...

- ხოლო რაც ამქვეყნად ოხშივარი ტრიალებს იმის ბრალია, რომ ზოგიერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის თავისი დღე და მოსწრება (რამეთუ სულში ჩასახლებია ჯოჯოხეთი), ზოგი სამოთხეს დაატარებს სულში და გულში...
ზოგმაც კიდევ, არც სამოთხის იცის რამე, არც ჯოჯოხეთისა: მუცლის ამოვსების მეტი - არც საფიქრალი გააჩნია, არც სადარდებელიო!

ისეთებიც მინახავს, ჯოჯოხეთის ცეცხლში რომ იწვიან და მაინც სამოთხისკენ მიილტვიან მთელი არსებით... ზიზილ-პიპილო სულის პატრონიც უამრავია, ბრბოსავით ჭრელი და უღირსი!

მოკლედ, იმიტომაც დუღს ამქვეყნიურ ქოთანში ნაირ-ნაირი ავ-კარგი, რომ ათასნაირი ადამიანი არსებობს, ყველა თავისას სჩადის... გამოდის, რომ სხვაგვარად არც იქნება და ვერც იქნება!

ხე რომ ხეა, ისიც კი, ფოთლებსაც სხვადასხვანაირს ისხამს და ნაყოფსაც: ფორმით, ზომით, შეფერილობითა თუ გემოთიო...

იქვე იმასაც დასძენდა: ბედნიერ, გახარებულ ადამიანებზე საამო სანახავი ჩემთვის არაფერია და რომ შემძლებოდა - ყოველი თქვენგანისთვის სულ მცირედი ბედნიერების მონიჭება, რომ შემძლებოდა - რაღაცით მაინც გამეხარებინეთ... მერწმუნეთ, არაფერს დავიშურებდიო!

ამასობაში გამომხდარა ხანი და ვიღაც შეჩვენებულს, ქალაქის სასაფლაოზე, დაუწყია საფლავების პანტაპუნტით ძარცვა... მაგრამ ძარცვაც არის და ძარცვაც; იმ ღმერთგამწყრალს, ნეშტიანად მიჰქონდა - რაც კი რამეს მიაგნებდა გამოშიგნულ საფლავში!
(შედეგად, ან თავღია სამარე ხვდებოდა ჭირისუფალს, ან ნაუცბათევად მიწამიყრილი)...

აწრიალებულა ერი თუ ბერი... აფორიაქებულან; გუშაგებიც დაუყენებიათ სასაფლაოსთან, მაგრამ სულ ამაოდ!

ამდგარან და მისულან ბრძენკაცთან: გვიშველე რამეო!

ბრძენს უთქვამს: სავარაუდოდ, უცხო ტომის, შეძლებული ოჯახიდან იქნება ამის ჩამდენი... უფრო, ვაჭრების წრიდანო!

- ვითომ რატომაო?! - გაუკვირვებიათ...

- აბა, მშრომელი ადამიანი იმის დროს სად გამონახავს: ლამის ყოველდღე ვიღაცის სამარის ამოსათხრელად მოიცალოს, შემდეგ რომ შიგთავსი ამოალაგოს და უკლებლივ გაზიდოს, თან, გახრწნილ გვამს რა თავში იხლის, ძვლებს, მით უმეტესო?!
გარდა ამისა, ჩვენი მოდგმის კაცმა გამორიცხულია საფლავების ხელყოფა იკადროს, მით უფრო, წარჩინებული გვარისამო!

და რადგან მის მოსაზრება - ვარაუდს არანაირი შედეგი არ გამოუღია, გადაუწყვეტია თავად გამოეძია ყველაფერი:

უპირველეს ყოვლისა, შეუკრებია გამჭრიახი ყმაწვილები... შემდეგ მისულა სასაფლაოზე, ფრთხილად გამოუკითხავს იქ მომუშავეთა ავან-ჩავანი და თვალი ჭკუასუსტი ბახალასთვის დაუდგამს!
(შემდეგ უკვე, ჩასაფრებიან, ზედ დანაშაულზე წაუსწრიათ და იქვე გაუბაწრავთ)...

კაციშვილს არ სცოდნია: არც მისი სადაურობა და არც გვარისშვილობა - ყველას ბახალადღა სცნობია!
(ეტყობა მეტსახელი იყო და შერჩა)...

მართლაც ყვავის ბახალას ჩამოჰგავდა: ჩია, მუგუზალივით შავი და სულ მუდამ პირდაფჩენილი, ჰოდა ყურადღებას ვინ მიაქცევდა გამობენტერებულ ბახალას?!

აქედან გამომდინარე, აზრადაც არავის მოსვლია მისი დანჯღრეული ურიკის გაჩხრეკვა!
(ისიც უდარდელად დაარიხინებდა ნაძარცვს, ზედ გუშაგების ცხვირწინ და არხეინად აგრძელებდა გაუგონარ სისაძაგლეს)...

- გამოდის, ბრძენს მიახლოვებითაც ვერ გამოუცნია დამნაშავის ვინაობა...

- საქმეც იმაშია, რომ მშვენივრად გამოუცნია და ზუსტადაც გადამთიელი ვაჭრის ნაშიერს ჩაუდენია მსგავსი საშინელება!
(ეტყობა, მოწოდებით პათოლოგანატომი იყო და არ ასვენებდა გამჩენი)...

ხუმრობა იქით იყოს და, დიდი ოხერ-მუდრეგი რამ ყოფილა ის წყეული ვაჭრის შვილი... უვარგისზე უვარგისი, უგვანოზე უგვანო: ნაძირალა, უზნეო, უკუღმართი, სალახანა, უსაქმური, მუქთახორა და ჯაბანი, როგორც მსგავს სულძაღლებს ახასიათებთ!

მოკლედ, მის ხსენებაზეც კი, გულყრა ეწყებოდათ...

ხან სათვალთვალოდ ჩასაფრებულს გამოიჭერდნენ მობანავე ქალები და წივილ-კივილითა თუ ქვების შენით აყრიდნენ ქოქოლას!

ხან მორიგი ტყისმჭრელი იმუქრებოდა:
"ხელ-ფეხს მივამტვრევ ძირში იმ არამზადა მახეების დამგებსო!
ვაჭარი ტავარიკას გონჯი ნაგრამის მეტი, ასე, არც ცხოველს გაიმეტებს ვინმე და მით უმეტეს, ადამიანი თუ გაება, ხომ დაღუპულია: ცოცხალი რომც გადარჩეს - დასახიჩრებას ვერ გადაურჩება... გაგონილა, ხალხს ტყეში ვერ გაუვლია თავის ნებაზე - ამ ღვთის პირიდან გადავარდნილი მაიმახის შიშითაო!"...

მთავარი ბოროტმოქმედისთვისაც ბრძენის მითითებით მიუგნიათ, რამეთუ სწორედ მას უთქვამს: "ყურადღებით იყავით, არ დააფრთხოთ, ჯერ ის გავარკვიოთ სად მიაქვს ნაძარცვი, ან რაში იყენებსო!"...

ასე თვალთვალით მისდგომიან ვაჭრის უკეთური ნაშიერის ბუნაგს, რომელიც იმ არემარეშივე ჰქონია საავკაცოდ მოწყობილი... თორემ, გონივრულად რომ არ მოქცეულიყვნენ, ყრუ-მუნჯ ბახალას განა რას გამორჩებოდნენ?!

თუმცა, საბოლოოდ, საქმე ჩაუფარცხავთ... მოხერხებულ ჩარჩს მოსაქრთამი მოუქრთამავს და ზნედაცემული ნაშიერი სასწრაფოდ იქაურობისთვის გაურიდებია, ხოლო დამნაშავედ ლენჩი ბახალა გამოუყვანიათ და სატუსაღოში გაუმწესებიათ!

- მერედა, ასეთი მდიდარი მამის შვილს, საფლავებიდან ამოღებული ნაძარცვი რაღაში სჭირდებოდა?!

- არც არაფერში; ნივთებს ბახალა ეზიდებოდა თავისთვის და ეტყობა, სიხარულისგან ფრთაშესხმულს, ის სულ აღარ ახსენდებოდა: მკაცრად რომ იყო გაფრთხილებული - დანაშაულის კვალი პირწმინდად მოესპო...

ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ: დანამდვილებით ვიცით, რომ ბობოლებთან ერთად ეგ თქვენი ბრძენთა ბრძენი გუნდაც მშვენივრად მოისყიდესო!

-  ენა რას არ იტყვის, ენას ძვალი არა აქვს, სიტყვას - ბაჟიო!
ამიტომ რამდენიც არ უნდა იძახონ - წვეთი სიმათლეც არ ითქმება; ყბედის ნათქვამი სიმართლე სად გაგონილა; რასაც ლაყბობენ - იმაში სიმართლეს რა უნდაო!

ჭეშმარიტებაც ზუსტად იმაშია - რაზეც ხალხი ხმაჩაკმენდილი სდუმს, დუმილით-კი მხოლოდ იმაზე სდუმს - რისი თქმაც არ აწყობსო!

ან ჩემი მოსყიდვა ვის რაში სჭირდებოდა: ნეტავ, მსაჯულ - მოსამართლე როდის აქეთ გავხდიო?!" - ჰკვირვობდა დევკაცი...

ისე, ბრძენს ყველა უდიდესი რიდით ეპყრობოდა, მაგრამ უგუნურს და უმეცარს რა გამოლევს, რაც მთავარია: არც დამნაშავეს შერჩა ავკაცობა და ქალაქმაც შვებით ამოისუნთქა, რამეთუ იმის მერე თვალით აღარავის უნახავს ვაჭრის თავგასული ნაგრამი... ჭირი იქა და ლხინი აქა!

- როგორ მიყვარს შენი ძილისპირულებიიი...

- მეც ძალიან მიყვარს ჩვენი ძილისპირულები!

bottom of page