top of page

იავნანა
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის ქრონიკებში მაქვს წაკითხული და გადავწყვიტე შენთვის მომეყოლა...

ასე მგონია, იაკობ გოგებაშვილმაც ნამდვილ ამბავზე დაწერა "იავნანამ რა ჰქმნა", რადგან მსგავსი რამ სხვაც მომხდარა!

საქმე კი, აი, რაში ყოფილა: შვილს მშობლებისთვის ფრონტიდან მიუწერია, რომ მისი ცოლი დაბომბვაში მოყოლილა, ხოლო ბავშვი გადარჩენილა და რუსეთის, რომელიღაცა, თავშესაფარში იმყოფებოდა...

მშობლებსაც უკან აღარ დაუხევიათ, ამდგარან და იმ გაგანია ომში, შვილიშვილს წამოსაყვანად, საქართველოდან რუსეთში წასულან!

მიუღწევიათ, როგორღაც, თავშესაფრამდე (ენა ადვილად იტყვის, თორემ მათი სიცოცხლე ბეწვზე, ალბათ, რამდენჯერ ეკიდა), მაგრამ შვილიშვილი ვერაფრით უპოვიათ, ვინაიდან ასობით უპატრონო ბავშვთა უმრავლესობას არანაირი საბუთი არ ჰქონია, ხოლო თავად პატარები ისეთი დაზაფრულები ყოფილან, გადატანილი შიშითა და განსაცდელით, რომ აღარაფერი ხსომებიათ!

ცოლ-ქმარმაც აღარ იცოდნენ რა ეღონათ და ერთი ეს გადაუწყვეტიათ, რომ თავშესაფარში რამდენიმე დღით მაინც დარჩენილიყვნენ...

დასაძინებლად რომ დაწოლილან (ალბათ, ერთიანი, ყაზარმული, საძინებელი იყო) ბებიას სიმღერა წამოუწყია (ეტყობა, რომელიმე ატირებულ პატარას დაუნანავა)...

მღერის თურმე (ხმადაბლა, ღამის სიჩუმეში) და ამ დროს გაისმის:

- Папа!
Мой папа здесь!

ასე შერჩათ ხელში, გახარებულ ბებია - ბაბუას, საწოლზე წამომჯდარი ბადიში, რომელსაც ძილში ჩაესმა მშობლიური სიმღერა და ძილ-ბურანში მამას მოუხმო...

მოკლედ, ქართული სიმღერის გასაოცარი ძალა რომ არა, შესაძლოა, ერთმანეთს ვერც ვერასდროს შეხვედროდნენ!

- რა გულის ამაჩუყებელი ამბავია!
ნეტავ, რომელ სიმღერას მღეროდა?

- ნებისმიერს, რომელსაც ინებებ!
(თავად "კოლხური ნანა" წარმოვიდგინე)...

- ვგიჟდები, ისე მიყვარს შენი ძილისპირულები!

- მეც ძალიან მიყვარს ჩვენი ძილისპირულები!

bottom of page