top of page

წინასიტყვაობის მაგივრად:


ერთი-ს სიტყვით, ერთ მშვენიერ დღეს... მე და ჩემი მეგობარი ვუყურებთ ფილმს "ფიფქია ენდ მონადირე", თუ რაღაც ამდაგვარს...


ჯერ, ფილმი ხომ სრული იდიოტობა!

მერე კიდევ, ბელო-სნეჟკოს გოგო თამაშოოობს... გოგოს "უნახავს" გაგხდის!... :O)

ისე შემეშინდააა: დღემდე მესიზმრება იმის ყბაჩუა, გაბოროტებული, მკვდრისფერი სახე - ავი თვალების ბრიალით!
(ეს, რა, ვიხილე)... O_o)

- ნუ გეშინია, უცხო კი არ არის, ჩვენიანია, ძალზე-დ ცნობილ უჟასტიკ სერიალში თამაშობსო! - მეგობარი მამშვიდებს, როგორც შეუძლია...
(მე არც უჟასტიკებს ვუყურებ, არც სერიალებს და ტყემალზე მაგიტომ ვიჯექი)... :D

- ნუ, ახლა, ამან უჟასტიკში კი უნდა ითამაშოს, აბა, რა უნდა ქნას (ქალი, აშკარად, საფლავიდან წამომდგარ ტრუპს ჰგავს), მაგრამ აი, ბელო-სნეჟკოს რასთან დაკავშირებით თამაშობს... მაგას ვერ ჩავწვდი-თქო!
(ვბობოქრობ)... :O)

ეგ კიდევ არაფერი, ბოროტი დედინაცვალი/ჯადოქარი ვინ არის?!... არც მეტი, არც ნაკლები: მზეთუნახავი შარლიზ ტერონი!
(ეგეც თქვენა)... :D

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ეღირსა - დამთავრდა ეს კრეტინიზმი... და მეც ბობოქობას ვუმატეეე:
- ვააა, რა წიღეს ტვინი ამ კინოშნიკებმა, ყოველ წელს (უფრო სწორად, წელიწადში ხუთასჯერ), რამდენი იდიოტური ვერსია უნდა გადაიღონ ამ შტერული ზოლუშკასი თუ ბელასნეჟკასი?!
ან ამ შარლ პერომ რა დაწერა ამისთანა, ან ძმებმა გრიმებმა, მთელი მსოფლიო, რომ დღემდე დაშოკილია მათი "შედევრებით", ეს რა უბედურებაა-მეთქი?!
(სიტყვით გამოვდივარ)... :O)

- შენ რომ გაბედო და მსგავსი დებილობა გადაიღო (სარეჟისორო დაამთავრა და დიდ კინოს უმიზნებს, მაგრამ ჯერ სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებზე ვარჯიშობს) - ჩემი ხელით მიგახრჩობ-მეთქი!
(ვემუქრები)... :D

- რა ვიცი, აბაა... ხალხს მოსწონს და შენ რა განერვიულებსო?!
(თავის ჭკუაში, ვითომ, ისევ მამშვიდებს)... :D

- ხალხი არა, იხვის ტოლმა!
ხალხი ბრბოა, რასაც მიართმევ იმასაც გადასანსლავენ და სისულელეს ვინც იღებს ის არის მისახრჩობი-მეთქი!
(ხმას ვუწევ)... :D

- არა რა, მაინც რას გადაჰკიდებიან ამ ბელასნეჟკა - ზოლუშკას?!
ჯანდაბას მაგათი თავი, ცოტა სხვანაირად მაინც შეფუთონ... კრეატივს რომ ეძახიან, მაგალითად, ისე-თქო!... :O)

- ვაჰ, შენც კიდევ, გნომების მაგივრად, სათაურში, მონადირეს ვერ ხედავ, თუ როგორ არის შენი საქმე, მეტი რა კრეატივი გინდაო?!
(პოზიციებს არ სთმობს - უსინდისოდ)... :D

- მაგას კი ვხედავ, მაგრამ ვითომდა ეგ უშველის საქმეს-თქო?!
(დაეჭვებული ვკითხულობ)... :O)

- სათქმელად ადვილია და აბა, შენ დააკრეატივე - თუ დააკრეატივებო!
(მიყურებს გამომწვევად)... :D

მოკლედ, აღშფოთებული ვიყავი, თორემ ისე რა მრჯიდა?!
დავჯექი და ჩამოვაგვირისტე: აი, ესეც შენი კრეატივი-მეთქი!... :D

და იმდენად, რამდენადაც ონ იესც რაშენ ბოი, რუსულად ჩამოვურიკრიკე, რაღა თქმა უნდა... ჰოდა, ფრიად აღფრთოვანებულიც დარჩააა, თან ეს ხუმრობა-ხუმრობაში ხუმრობით დაწერილი... ისეთი დრამატული გამოვიდა, რომ სერიოზულ განცდებში იყო!
(სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიდან ვინც კი წაიკითხა - ყველამ უზომოდ განიცადა)...

გამოხდა ხანი და ჩვენს საერთო მეგობარს მოახსენა ეს ამბავი
(ვიღაცას, გრძელი ენა რომ აქვს)... :O)

ახლა ის გადამეკიდა: გადამითარგმნე გინდა თუ არაო (იმან რუსული არ იცის, ამერიკელია)...
მეჯიჯღინა, მეჯიჯღინა და ბოლოს გადაუთარგმნე!
მერე ქართულად მომიხდა გადათარგმნა...
(პახოდუ, თავს ვიწონებ მწვანე კიტრივით, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ)... :D

ასე და ამგვარად, ეს მოთხრობა სამ ენაზე მაქვს დაწერილი, აბააა!
(რუსულ - ინგლისური ვერსია პროზაზე მიდევს და შეგიძლიათ იხილოთ)... ;)

აპლოდისმენტები მე, ანუ!... :D

მოკლედ, თუ გაინტერესებთ წაიკითხეთ, თუ არა და... მაგის მეტი სადარდებელი არ მოგვცეს ღმერთმა: არც მე და არც თქვენ!... ;)

ფიფქი
.

მე ვარ ფიფქია!
ეს ჩემი ზღაპარია... და იწყება ისევე, როგორც... საქვეყნოდ ცნობილი ზღაპარი ფიფქიაზე:

დიდი ხნის წინათ (შესაძლოა, არც თუ ისე), ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფე თავის დედოფალთან ერთად - ტკბილად და ბედნიერად... სულ ცოტა ხანში კი, რაღა თქმა უნდა, გოგონაც შეეძინათ (ანუ: მე), მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა დედოფალი გარდაიცვალა!

მეფის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ერთ მშვენიერ დილას თუ საღამოს, მეფე იგი, სრულიად შემთხვევით, გადაეყარა სახელგანთქმულ გულთამპყრობელს, რომელიც დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა, ხოლო ამას თან მოჰყვა... უდიდესი ვნებათაღელვა!

მაგრამ ჩემს ზღაპარში, მომავალი "დედინაცვალი" - ჯადოქარი სულაც არ გახლდათ (მით უმეტს, ბოროტი), სამაგიეროდ გათხოვილი ბრძანდებოდა, ქმარს კი, თავისი ცოლი არავისთვის ემეტებოდა და ამიტომაც, პოზიციებს კატეგორიულად არ სთმობდა!

შედეგად, მეტოქეებს შორის გაჩაღდა უსასტიკესი ბრძოლა, ყოველგვარი წესების გარეშე, თუმცა, მიუხედავად უამრავი ქარტეხილისა, უამრავი წინააღმდეგობისა, მამაჩემმა, საყვარელი ქალი, საბოლოოდ, მაინც წაჰგვარა "ვერაგ" მეტოქეს და მასზე თავად იქორწინა!

ქორწილში პატარძალი, თავის მშვენებით, თვით ამომავალ მზეს ჩრდილავდა: უძვირფასეს, ალისფერ კაბასა და ალმასებით უხვად მოოჭვილ "ბაშმაჩკებში" გამოწყობილი!
(მოკლედ, ისეთი თვალწარმტაცი იყო, ისეთი... რომ ჩემი თოჯინებიც კი, მიხვდნენ: სირცხვილით ცხვირი აღარ გამოეყოფოდათ და შურისგან გულზე გახეთქვის მეტი არც არაფერი დარჩენოდათ)...

უნდა გამოგიტყდეთ, რომ გულთამპყრობელმა ქალბატონმა, დანახვისთანავე, ჩემი გულიც მყისვე მიისაკუთრა!
(თანაც, სრულიად უცერემონიოდ)...

შევყურებდი, გაოცებული, საკუთარ ანარეკლს - მის მოციმციმე თვალებში... მომაჯადოებელ ღიმილს, მხრებზე დაყრილ ოქროსფრად მბზინავ თმას და უზომოდ მინდოდა, რომ ყოფილიყო ჩემი ძალიან ახლობელი: უფროსი და, დედა, მეგობარი, ნათესავი... სულ ერთია ვინ, ოღონდ ჩემი რქმეოდა!
(და დღემდე ვერ გამიგია: ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება თუ, ბავშვურად მოხიბლულს, უბრალოდ მინდოდა, რომ საკუთრად მყოლოდა ყველაზე ლამაზი, ცოცხალი თოჯინა, რაც კი ოდესმე თვალით მენახა)...

ფიფქიაც გაცნობისთანავე შემარქვა... ალბათ იმიტომ, რომ მეც თოვლივით თეთრი კანი და კუპრივით შავი თმა მაქვს, მაგრამ როცა იხილა რამდენ ტკბილეულს ვნთქავდი - გავხდი: მსუნაგი ფიფქია!
დროთა განმავლობაში, მეტსახელი ხან ასე იკვეცებოდა, ხან ისე... და საბოლოოდ გავხდი: ფიფქი!

ხასიათი აქვს ასეთი: ვინც უყვარს - ყველას მოფერებით სახელებს არქმევს, ხოლო ვის მიმართაც გულგრილია - არაფერსაც არ არქმევს, რაც ჰქვია - იმას ეძახის!
(ასე რომ, ეტყობა, მასაც ერთი ნახვით შევუყვარდი)...

რაც შეეხება, ფრიად პატივცემულ - სარკისებრ გრძნეულს... რაღა თქმა უნდა, ჩემს ზღაპარშიც გახლდათ, თან არაერთი!
("ჯადოსნური" სარკეების მეტი რა გვქონდა)...

პასუხიც, რაღა თქმა უნდა, ყოველ მათგანს, ისევ და ისევ, იმ ერთ "მარადიულ" კითხვაზე უნდა გაეცა:
"სარკევ, სარკევ, მიამბე... სულ მითხარი სიმართლე: ვინ არისო ამქვეყანად მომხიბვლელი ყველაზე, ლამაზი და მშვენიერი, თოვლზე უფრო ფითქინა - ბროლზე უფრო ელვარე?!"...

და რადგანაც "გრძნეულნი" ცოტა უენონი გახლდნენ, გახმოვანებით - თავად ვახმოვანებდი, თან მთელი პათოსით ვპასუხობდი:
"შეეენ... ოოო... ჩეეემოოო... დედოფალოოო... მხოლოდ შენ ხარ ამქვეყანააად... მომხიბვლელი ყველაზეეე... ლამაზი და მშვენიერიიი... თოვლზე უფრო ფითქინა - ბროლზე უფრო ელვარე!"...

ან კიდევ: "აუ, გეყოფა რა, დე!... რამდენი შეიძლება, სარკეების ტანჯვა-წამება?!" - მერე კი, გულიანად ვიცინოდით...

და ვცხოვრობდით ჩვენთვის, ბედნიერად... სანამ ავიაკატასტროფამ მამაჩემი არ შეიწირა... ასე დავრჩი, მხოლოდ, დედის ამარა!

დიახ, ზუსტად - დედის:
ამ, ძალზე, დელიკატურ საკითხს, ჯერ კიდევ მაშინ მოეფინა ნათელი, როცა გადავწყვიტე გამერკვია: უნდოდა თუ არა დედაჩემს, რომ ღვიძლი შვილი ჰყოლოდა?!

მან გაოცებულმა შემომხედა და მიპასუხა: როგორთუ არ მინდა, როცა უკვე მყავს?!

- მართლა?!
მერედა სად არის?!

- აი, აქ არის! - დამიპიპინა ცხვირის წვერზე...

- მერე მე ხომ... მთლად შენი შვილი არ ვარ?!

- აბა, ვისი ხარ?!

- ალბათ, მისი - ვინც გამაჩინა...

- შენ ჩემი შვილი ხარ!
იმიტომ, რომ ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა და ერთად ცხოვრება გვარგუნა...
იმიტომ, რომ შენ ჩემი უსაყვარლესი პატარა გოგო ხარ...
იმიტომ, რომ მე უშენოდ ძალიან გამიჭირდება, როგორც შენ - უჩემოდ!
ამიტომაც არაფერს არ სცვლის თუნდაც ის ფაქტი, რომ სხვას შეეძინე, რადგან ადამიანებს შორის სულიერი კავშირი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გენეტიკური, სწორედ ამიტომ: "მთლად შენი შვილი" ის კი არ არის - ვისაც ბადებენ, არამედ ის - ვინც მთელი სულით და გულით უყვართ!
თავად განსაჯე, შვილის დაბადება, მშობლისთვის, მის უპირობო სიყვარულსაც რომ მოიაზრებდეს, მაშინ ხომ, ამქვეყნად, არცერთი მიტოვებული ბავშვი არ იარსებებდა?!

ვერც შეეკამათები და რადგანაც ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელი გახლდათ... ამ საკითხს აღარასდროს დავბრუნებივართ!

რაც მთავარია, მთელი მონდომებით შეუდგა ჩემს აღზრდა - სწავლა-განათლებას...

აღზრდა:
ყოველთვის ეშინოდა ჩემი გვერდიდან მოცილება (ძიძებს საერთოდ არ სცნობდა), ასე რომ, სულ ერთად ვიყავით: საღამო იყო, პრეზენტაცია, საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრები... ყველგან თან დამატარებდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ღამის კლუბებშიც კი!

აუგი არ იფიქროთ რამე: იმდენად, რამდენადაც დედაჩემი ერთობ დახვეწილი არსება გახლავთ... მის გარემოცვაში, უბრალოდ - ულამაზო სიტყვის თქმაც ცუდ ტონად ითვლება!
(ანუ კლუბებსაც მსგავსს სტუმრობს)...

რასაკვირველია, ზოგ-ზოგიერთები ამ ყველაფერს ალმაცერად უყურებდნენ:
მით უმეტეს, არამკითხე - "ყველაფრის მცოდნე" ქალბატონი დეიდები, მამიდები (გნებავთ, ბიცოლები)...

- საოცარია პირდაპირ! - ატრიალებდნენ თვალებს...
- ეს არის ბავშვის აღზრდა?!

რაზეც დედაჩემი უდარდელი ღიმილით პასუხობდა:
- აბა, რომელი დიდაქტიკოსი მე მნახეთ?!
უბრალოდ მინდა, რომ ლაღი და ბედნიერი იყოს: რაც უმთავრესად მიმაჩნია!

(ეს მომწონდა)...

სწავლა-განათლება:
იმდენად, რამდენადაც დედაჩემი მაღალი წრიდან არის (უფრო ზუსტად - უმაღლესიდან) - განათლებაც სათანადო აქვს მიღებული... ცხრაას ჩვიდმეტი სხვადასხვა ზომის, ფერისა თუ ფორმის დიპლომი: დაწყებული ოქსფორდიდან, დამთავრებული ჰარვარდით!

და იმდენად, რამდენადაც ღრმად იყო დარწმუნებული ჩემს უსაზღვრო ნიჭიერებაში... უნდოდა, რომ მეც, ცხრაას ჩვიდმეტი თუ არა, რვაას ჩვიდმეტი დიპლომი მაინც მქონოდა!

უბრალოდ, არაფრით არ სურდა იმის შეგნება, რომ მამაჩემი არც გრაფი ყოფილა, არც ბარონი, არც ჰერცოგი... ერთი გამდიდრებული ფიზიკოსი გახლდათ და მე, მის ქალიშვილს, სულაც არ მჭირდებოდა რაღაც განსაკუთრებული ცოდნა-განათლება იმისთვის, რომ მისი მილიონების დახარჯვა მომეხერხებინა!

თან, შორსაც არ მიშვებდა სასწავლებლად (ეტყობა, ეჭვი ეპარებოდა საბოლოო შედეგში)... ამიტომაც, სახლში მამეცადინებდნენ რეპეტიტორები (მისი საგულდაგულო კონტროლის ქვეშ)...

მაგრამ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოუვიდა და დიდი ბრძოლების მიუხედავად, ერთ კინკილა დიპლომს "დავჯერდით"!...

ჩვენთვის რომ ვთქვათ: მეტი რა საჭიროა?!
სულაც არ არის აუცილებელი - უკიდეგანოდ განათლებული იყო, ყველაფერი იცოდე ამქვეყნად და პირდაპირ ტვინი გასკდებოდეს!

ქედმაღლურია რაღაც, ადამიანს კი, რა ამშვენებს ყველაზე მეტად?!
(რაღა თქმა უნდა, თავმდაბლობა)...

ნაირ-ნაირი ფერისა და ზომის დიპლომების რა მოგახსენოთ, მაგრამ ის ფაქტი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად სჩანს, რომ არა უბრალო ქალმა აღმზარდა, არამედ დედოფალთ-დედოფალმა... და ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გამოუვიდა!

მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ:
"ბავშვი მთელი სიზუსტით იმეორებს ყველაფერ იმას, რასაც თავის გარშემო ხედავს: მოძრაობებს, მიმიკებს, ქცევებს, სიტყვებს, ფრაზებს, გამოთქმებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ"... ჰოდა, აბა, მე მდაბიური მანერები სად უნდა მენახა, ან ვისგან უნდა გადმომეღო, ძალიანაც რომ მდომებოდა?!

(ეს არ მომწონდა)...

რაც შემეხება მე:
გარეგნობით ჩემზე მზეთუნახავი ალბათ არ ითქმის, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მოდისა და სტილის კანონმდებელი მაცმევდა (რომელსაც ისეთი გემოვნება აქვს, რომ თუ მოისურვა, მე კი არა და, ბოსტნის საფრთხობელას გადააქცევს ზღაპრულ ფერიად), რასაკვირველია, აკეთებდა თავის საქმეს - განსაკუთრებული მორთულ-მოკაზმულობა... ამიტომ, რაც თავი მახსოვს, ყველაზე უკეთ გამოვიყურებოდი, ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი, ყველაზე პოპულარული გახლდით და შესაბამისად, თაყვანისმცემელიც უამრავი მყავდა!

ამასთან, ჩემს ბავშვურ, გულუბრყვილოდ - სულელურ გრძნობებსა და განცდებს დედაჩემი ყოველთვის მთელი "პასუხისმგებლობით" ეკიდებოდა, რადგან სთვლიდა, რომ ადამიანის ნებისმიერი განცდა, ნებისმიერ ასაკში, სახუმარო საქმე სულაც არ არის იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც კი მის თავს ხდება, მისთვის სრული სერიოზულობით ხდება და არა ხუმრობით!

შედეგად, "სრული სერიოზულობით", დეტალურად, ყველა წესის და რიგის დაცვით, ირჩეოდა ყოველი "სკანდალური" წვრილმანი... ცხრაპირ ფილტრში ტარდებოდა ყველა ჩემი "მტერ-მოყვარე" (რაღა თქმა უნდა, თაყვანისმცემლებთან ერთად), შემდეგ ერთობლივად მუშავდებოდა "საბრძოლო სტრატეგიები", იგეგმებოდა "საომარი მოქმედებები", ითხზვებოდა საპასუხო SMS-კები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

(ეს მომწონდა)...

რაც შეეხება მას:
დავიწყოთ იმით, რომ მისი პირადი ცხოვრება - ეს უკვე მთელი ეპოპეა გახლავთ და ერთი "ზღაპარი" ნამდვილად ვერ დაიტევს!

არა რაა, იმის მაგივრად: იცხოვროს ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრობს (და თვით არანორმალურებიც კი), სულ სასიყვარულო ისტორიებშია გახვეული... და არც თავი აქვს, არც ბოლო - ამ დაუსრულებელ რომანებს!
შესაბამისად, გათხოვილი ბრძანდებოდა არაერთხელ (რბილად რომ ვთქვათ)...

მის ბობოქარ რომანებს ვუდგებოდი... რაღაც... ორაზროვან - გაურკვეველი სიმშვიდით:

მშვიდად იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მისთვის ყოველთვის მე ვიყავი ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი... და უცვლელად, პირველი ადგილის მფლობელი გახლდით!

წინააღმდეგობრივად იმიტომ, რომ როცა ვხედავდი მასზე უგონოდ შეყვარებულ რაინდებს - ნერვები მეშლებოდა!
მაგრამ როდესაც განაჩენს გამოუტანდა - უკვე მებრალებოდნენ!
შემდეგ, უკან რომ დასდევდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ - კვლავ ნერვები მეშლებოდა!
მაგრამ როცა საბოლოოდ მოიშორებდა თავიდან - ისევ მებრალებოდნენ!

თუ რომელიმე მათგანი იწყებდა წუწუნს, რომ საერთო შვილზე ოცნებობდა - ამაზე ნერვები მეშლებოდა!
ხოლო იმდენად, რამდენადაც კარგად ვიცოდი, რომ დედაჩემი საერთოდ არ აპირებდა ბავშვის გაჩენას - ძალიან მებრალებოდნენ!

ცოდნით - იქიდან ვიცოდი, რომ ვკითხე ერთხელ: მაინც რატომ იყო ასეთ კატეგორიულ უარზე?!

- რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მეშინია!
არა იმდენად პასუხისმგებლობის, როგორც სხვა დანარჩენის, ყველაზ  მეტად, ალბათ... იმედგაცრუებისა...

და რადგანაც ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელი გახლდათ... ამ საკითხს აღარასდროს დავბრუნებივართ!

როცა გავიზარდე - მხოლოდ მერეღა მივხვდი:
მიუხედავად იმისა, ეს ჩემთვის არასდროს უგრძნობინებია, მე უკვე ვიყავი მისი უდიდესი იმედგაცრუება და უკვე იმდენად იყო გულდაწყვეტილი, რომ ყველანაირად ცდილობდა: მსგავსი რამ მომავალში მაინც აღარ განეცადა!

(ეს არ მომწონდა)...

ასე იყო თუ ისე, განუყრელად ერთად ვიყავით და ვცხოვრობდით ჩვენთვის - ძალიანაც მშვენივრად!

დრო გადიოდა...
მერე კი, მოვახერხე და მაგრად შემეშალა!
(თან ძალიან მაგრად)...

რაღა დაგიმალოთ და, წვრილმანი მავნებლობი მანამდეც ჩამიდენია (შეიძლება, არც თუ ისე წვრილმანი), მაგრამ დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა: ჩემი საქციელისთვის რამე გამართლება გამოეძებნა და ეპატიებინა!

მისი სიტყვებით რომ ვთქვათ:
"როდესაც ადამიანი გვიყვარს, ყოველთვის ვახერხებთ გამართლება მოვუნახოთ მის საქციელს... ალბათ იმიტომ, რომ წყენის დავიწყება და პატიება შევძლოთ!
ხშირად, თავსაც მშვენივრად ვიტყუებთ და თვალსაც მაგრად ვხუჭავთ (თვით უტყუარ ფაქტებზეც კი), ალბათ იმიტომ, რომ ის ადამიანი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის...
მისდამი სიყვარული, თითქოსდა... გვაბრმავებს, გვაყრუებს: სუსტს, უსუსურსა და სრულიად უუნაროს გვხდის!"...

მაგრამ ამჯერად, ეტყობა, გამართლება ვერ გამოუნახა ჩემს საქციელს (ბევრს ეცადა და ვერ გამოუნახა)...

ეტყობა, ვერ შესძლო პატიება და წავიდა!
(უსიტყვოდ შებრუნდა და წავიდა ისე, რომ კარიც არ გაუჯახუნებია)...

იმასაც ვერ მივხვდი: როდის და როგორ!

ზუსტად ასე ახასიათებს:
სანამ უყვარს ადამიანი - ხომ უმაღლეს მწვერვალზე უზის, მაგრამ როცა გადაიყვარებს, შებრუნდება და წავა (ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე) - ისე მიაგდებს, როგორც მობეზრებულ ნივთს, ხოლო შერისხულმა რომელ ქვას უნდა ახალოს თავი - ეგ უკვე საერთოდ აღარ ადარდებს!
(იმ საბრალომ, იმ უმაღლესი მწვერვალიდან - არც დაშვება რომ არ იცის უსაფრთხოდ, არც დგომა შეუძლია იქ, არც ჯდომა, არც მხართეძოზე წოლა: საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და მყისვე მოწყვეტილია ადგილიდან - თავქვე დასაშვებად და ხრამში გადასაჩეხად)...

- მერედა რა?! - სრულიად აუღელვებელი სახით იტყვის...
მე ძალიან კარგად ვიცი: რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს გვერდით მყოფი თავს მყუდროდ გრძნობდეს და ამასთანავე ძალიან ბედნიერი იყოს, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს... მან რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მეც ისეთივე ბედნიერი ვიყო მის გვერდით!
(ეს საერთოდ არ გახლავთ ჩემი პრობლემა, რამეთუ პასუხს მხოლოდ საკუთარ საქციელზე ვაგებ - ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი)...

აი, ასე!
(მიდი და შეეკამათე)...

მეც სხვებივით მიმატოვა... სადღაც (ძალიან ზევით) და წავიდა:
ამჯერადაც გათხოვდა და სხვა კონტინენტზე გადავიდა საცხოვრებლად!
(ჩემგან, რაც შეიძლება, შორს)...

კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის შემიძლია მქონდეს მისი იმედი - თუ რამე გამიჭირდა, რაღა თქმა უნდა, დამეხმარება...
(შვილი ვარ, ბოლოს და ბოლოს, უცხო ხომ არ ვარ)...

თუმცა, რომ დაფიქრდე, თითქოსდა რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ისეთი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოგეშველება და ყველაფერში თანადგომას გაგიწევს: ყოველთვის ყურადღებით მოგისმენს, გაგიგებს და აუცილებლად საუკეთესო რჩევას მოგცემს!

ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი და ყველაფერზე მეტიც!
(ისიც კი, რაც არავინ არ იცის მთელი დედამიწის ზურგზე)...

ის, ვის გვერდითაც თავს ძალიან მყუდროდ გრძნობ, უსაფრთხოდ და არასდროს არაფრის გეშინია: თვით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც - გული საგულესა გაქვს იმიტომ, რომ მისთვის გამოუვალი მდგომარეობა საერთოდ არ არსებობს!

ადამიანი, რომელიც დაგაძლევინებს ნებისმიერ სიძნელეს, უბრალოდ და მარტივად, თვალის დახამხამებაში!
რომელიც სასოწარკვეთილსაც წუთში დაგამშვიდებს, დაგაწყნარებს და სასიცოცხლო ძალას შეგმატებს!

ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად იფიქრებს ყოველთვის - ყველაფერზე!
(იმდენად, რამდენადაც თავი მხოლოდ იმისთვის გაბია, რომ ბალიშზე ჩამოსდო)...

ვისგანაც სულ რაღაც ახალს სწავლობ და თან, უმნიშვნელოვანესს!
რაღაც სულ სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს: რაღაც უჩვეულოდ, საინტერესოდ, ამაღლებულად... ისე, როგორც არავინ, რადგან სხვას უბრალოდ არ შეუძლია, რომ ამ არნახული კუთხით დაგანახოს სამყარო!

ადამიანი, რომელის გვერდითაც ხარ ყველა სულიერზე ბედნიერი!
ადამიანი, რომელიც ყველა და ყველაფერია ამქვეყნად!
(მეტიც, გაცილებით მეტიც)...

შენგან კი, არაფერს ითხოვს სანაცვლოდ!
(თუმცა, შესაძლოა, უსაშველოდ ბევრსაც ითხოვს... უსაზღვრო: სიყვარულს, ერთგულებას, თავდადებას, პატივისცემას, თაყვანისცემას, მაგრამ სამწუხაროდ, სულ არ ანაღვლებს - გაქვს თუ არა იმის ნიჭი, უნარი... რომ ეს ყველაფერი შესძლო და გაიღო)...

როგორც კონფუცი ამბობს: "ბედნიერებაა - როცა ვინმეს შენი ესმის, უდიდესი ბედნიერებაა - როდესაც ვიმეს უყვარხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ზუსტად ის არის - როცა თავად გიყვარს!"...

შეიძლება მართლა ეს არის ნამდვილი ბედნიერება, როცა თავად გიყვარს...

შეიძლება, არ ვიცი!

მაგრამ... მე უზომოდ მენატრება... ის პატარა, საოცარი სამყარო, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვცხოვრობდით...

ვწუხვარ, რომ უკვე აღარ ვარ ფიფქი... ერთადერთი, უსაყვარლესი და განუმეორებელი ფიფქი... და ახლა უბრალოდ რიტა ვარ!
(ისევე, როგორც სხვა მილიონობით რიტა)...

ვწუხვარ, რომ ჩემს ოთახში უკვე აღარავინ მახვედრებს საჩუქრებს, რომლებსაც მოუთბენლად გავხსნი, წინასწარ დარწმუნებული, რომ უზომოდ მომეწონება და გამახარებს!

ვწუხვარ, რომ ყოველდღე ვერ ვხედავ: ჩემთვის ყველაზე უძვირფასეს, მშობლიურ და ახლობელ სახეს!
 
ვწუხვარ, რომ დედაჩემს აღარ ვენატრები... და უკვე აღარ აინტერესებს - ჩემს შესახებ ყველაფერი!
(თვით ყველაზე უმნიშვნელო და ყველაზე სულელური წვრილმანებიც კი)...

ვწუხვარ, რომ ჩვენი მშვენიერი - ჯადოსნური სამეფო, ასე ერთი ხელის მოსმით დაიშალა, დაიფანტა და გაცამტვერდა, როგორც ბანქოს ხუხულა!

ვწუხვარ...

უზომოდ ვწუხვარ!

და ვერაფრით ვერ ამიხსნია: თუკი არ მინდოდა, ჩემი განუმეორებელი დედის ჩრდილში ვყოფილიყავი... და იმდენი "მოვახერხე", რომ თავი - ვითომდა მეპოვნა... მაშინ, ახლა რატომ აღარ მომწონს ის: ვინც ვარ, თუ რაც ვარ?!
და რატომ არ ვარ უფრო ბედნიერი, ვიდრე ვიყავი?!

ნეტავ, რა სჯობს: ქალღმერთის ჩრდილი იყო... თუ ერთი პატივმოყვარე მოკვდავი?!

არ ვიცი!

ისიც არ ვიცი - რა უნდა ვქნა...

როგორ მოვიქცე - არც ის ვიცი...

არ ვიცი და მორჩა!

მე ვარ ფიფქია!
ეს ჩემი ზღაპარია... და იწყება ისევე, როგორც...

ისე... ეს ზღაპარი ჩემზე კი არა - ჩემს დედოფალზეა...
და საერთოდ, ეს სულაც არ გახლავთ... ზღაპარი!

bottom of page