top of page

მაკრინე
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
დღეს ერთი საგულისხმო ნართაული უნდა გიამბო და ყური კარგად მიგდე!

სოფლის მზეთუნახავს, მაკრინეს, ერთადერთი საგარეო კაბა ჰქონდა, პატარძლობის-დროინდელი, რომელსაც ხან რუში მიაკერა, ხან საყელო - სახელოები გადაუკეთა... ხან ასე გადაახალისა, ხან ისე და წლებია, თავი როგორღაც გაჰქონდათ: მასაც და მის ერთადერთ კაბასაც!

- ან კი, რით არ გაცვდაო?!
მაგას ჯვალოს ტომარაც რომ ჩამოაცვა ისიც დახატავს და გაპრანჭვა რაღად უნდა, მორთვა-მოკაზმვა რაში სჭირდებაო - ჭარტალებდნენ არამკითხე მოამბეები...

ნეტა რა გასცვეთდა: ჭირში ჭრელაჭრულას ვერ ჩაიცვამდა და სალხინოდ, განა, რამდენჯერ უნდა გამოწყობილიყო, რომ გაეცვითა?!

- კაბა იქით იყოს, თავადაც რომ არ ემატება ასაკი - თქვენ ეგ სთქვითო!

- მართა ძალო, ეგ რომ მოიყვანეს მე მთლად ბავშვი არ ვიყავიო?! - ჰკვირვობდა ცნობისმოყვარე ცისანა...

- შენ კი არა და, ლამის მეც ბავშვი ვიყავიო! - დოინჯი შემოიყარა მართა ძალომ...
მაგრამ გენაცვათ, მთელი სოფელი იმ დღიდან როგორც ეტრფოდა - დღემდე ისევე არ ეტრფიიის?!

და თითქოს, დაბარებულივით გაისმა ჩაროზას ომახიანი სიმღერა: "მაკრინეო, მაკრინეო, გულში ცეცხლი გამიჩინე - აღარ მომიწადინეო"...

- აგე, ჩაროზაანთ სულელი რა დღეში ჰყავს და ჭკუათმყოფელებს კარგ დღეს დააყრის?!
სიტყვამ მოიტანა და, რომ იცოდეთ, რა ჯეირანივით გოგოები ეძლევიან ამ ჩვენს ჩაროზას - თვალი მოწკურა, შემოსწრებულმა, ქაქალამ...

არც არის გასაკვირი: მისი თვალტანადობა ცალკე უბნევთ თავგზას და მსუყე ქონება-ცხოვრება ცალკე... სასიძოს კიდევ, მხოლოდ მაკრინეზე ამოსდის მზე და მთვარე, მაგრამ ბერწიაო და მაგიტომ იწუნებენ ჩაროზები, თორემ განა არ შერთავდნენ!

ახლა ჩაროზებზეც გიამბო, რომლებიც დიდად განთქმულნი იყვნენ საგვარეულო ტკბილეულობის დამზადებით და გვარიანი ქონებაც იშოვეს - ნუგბარის მოყვარულთა მომარაგებით, საზღვრებს შიგნით თუ საზღვრებს გარეთ, ხოლო საბრალო ჩაროზა გადიას გამოპარვია (ახალი ფეხადგმული) და აივნიდან გადმოვარდნილა...

მაშინვე ვერაფერი შეუმჩნევიათ, მაგრამ დროთა განმავლობაში სატკივარმა თავი იჩინა და უბედური შემთხვევის სავალალო შედეგიც ყველასთვის ნათელი შეიქნა!

სხვა მხრივ არაფერი აწუხებდა, იზრდებოდა და მშვენდებოდა:
ან რა თვალადი, ან რა ტანადი, ან რა ღონიერი, ან რა ოქროს ხელებისა და გულის პატრონი, მერე რა სიმღერა, რა ცეკვა-თამაში იცოდა, ან როგორ ხატავდა...

მოკლედ, ის უბედური შემთხვევა რომ არა, ყოვლად სანაქებო ვაჟკაცი დადგებოდა, მაგრამ ეტყობა არ ეწერა!

და არავინ იცის - ასე როდემდე გაგრძელდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს, სოფლის მშვენება მეზობლის ქალებს რომ არ გაჰყოლოდა ქალაქში, მოსავლის გასაყიდად...

ოღონდაც, ქალაქში ერთ იქაურ ბობოლას ჰყოლია შენიშნული და თვალიც მაშინვე დაუდგამს, იმ დღეს კიდევ, ამდგარა, მოტყუებით ჩაუსვამს ფაეტონში და მოუტაცებია!

- მერე ქმარი?!

- ქმარიცა და მთელი სოფელიც დარჩენილან ხახამშრალნი, მაგრამ სოფლის ამბავი მოგეხსენება:

- სადარდებელი, აბა, რა გაქვს?!
პირიქით, უნდა გიხაროდეს, მეფის ტოლმა კაცმა წაგგვარა ცოლი, უბრალომ ხომ არაო - ექილიკებოდნენ თავსლაფდასხმულ ქმარს...

- მაშ, რა ეგონათ, ანგელოზივით რძალი ერთი ჩითის კაბის ამარა რომ დაუდიოდათ, უნამუსოდ, სხვას რას იმსახურებენო?! - ქოთქოთებდა სოფელი...

- განა თქვენ არ წაგგვარათ მეფის ტოლმა კაცმა სოფლის მშვენება?!
სხვას რომ მისდექით, თავად სოფელს რატომღა არ ესირცხვილება: ანგელოზივით რძალი ერთი ჩითის კაბით რომ დაგიდიოდათ?!
მხოლოდ სხვისი განსჯა რომ გემარჯვებათ, ერთი კაბა რაღა გაგიხდათ ამდენ ხალხს?! - ისიც თუ გიკადრებდათ!

თავადაც-კი გამოვაწყობდი დედოფალივით, მხოლოდ ვერ შევბედეო! - მოაკეტინა, აგნიასებულ სოფელს, აღშფოთებულმა ჩაროზამ...

მაგრამ რომ შეიტყვეს: მაკრინეს ოქროსქოჩრიანი ქალ-ვაჟი შესძენიაო - ახლა ამაზე აყაყანდნენ, დარცხვენილები:

- არ ვიცით, არა, ბოძებული მადლის დაფასება: სანამ არ დავკარგავთ - მანამდე ვერ ვხვდებითო!

ცოტა ხანში, ჩაროზამაც აიკრა გუდა-ნაბადი, ქალაქში გადასახლდა და სატრფოს მახლობლად დასახლდა...

ბობოლას რომ შეუტყვია მისი სიყვარულის ამბავი - გული ასჩუყებია: "ეს როგორი თავგანწირული სიყვარული სცოდნიაო!" და თავისთან წაუყვანია ოსტატად...
(ამბობენ, მისგან უბადლო ოსტატი დამდგარაო)...

ასე დარჩა სოფელი მზეთუნახავის და მისი მიჯნურის გარეშე, რომელსაც სად აღარ დაეხატა თავისი ოცნების ქალი!
(ყველგან, სადაც-კი ხელი მიუწვდებოდა)...

ხოლო, წყაროს თავზე, ლოდზე გამოსახული მაკრინესთვის ვიღაცას სატრფიალოც მიეწერა:

გოგოვ, შენი უჩვეულო სილამაზე შემიყვარდა!
გოგოვ, შენი უჩვეულო ნათებაც შემიყვარდა
და უჩვეულოდ შეფარული სევდაც!
გოგოვ, ეს ჩემი უჩვეულო სიყვარული: ან რამდენს დაიტევს ნეტავ,
ან რამდენს გაუძლებს ხიფათს?!
გოგოვ, შენი უჩვეულო არსებობა მიყვარდა და... მიყვარს!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დარჩნენ დახატული სილამაზის და დახატული სიყვარულის ამარა!
(სხვა რა გზა ჰქონდათ?!)...

ქატო იქა, ფქვილი აქა...

- ვგიჟდები შენს ძილისპირულებზე!

- მეც ძალიან მიყვარს ჩვენი ძილისპირულები!

bottom of page