top of page

საიუბილეო  მინიატურა

.

თურმე, ათი წლის წინ, მარტის ერთ მშვენიერ დღეს, მოვლენია ქვეყანას...

"ხედავ, რა დრო გასულაო!" - ალუბლის დაბერილ კვირტებში გაიბრწყინა ადრიანი დილის ცვარმა...

"მახსოვს, იმ დღეს, სარკესავით მოკრიალებული ცა ლაჟვარდისფრად კამკამებდაო" - მოვარდისფრო-იასამნისფერ მოგონებებში ჩაიძირა ყოჩივარდებით გადაპენტილი მინდორ-ველი...

"ცელქი სიო აღმა-დაღმა დააფრიალებდა ახალ ამბავსო" - აშრიალდა მწვანედ ახასხასებული ტყე...

"მარტის მზე კი, სულ ოქროსფერ ღიმილად იღვრებოდა ჩემს ლივლივა ზედაპირზეო" - ჩაიდუდუნა ადიდებულმა მდინარემ...

"ბუნება ზამთრის ძილისგან გამოღვიძებას ზეიმობდაო" - აჟღურტულდნენ ფრთახატულა ნიბლიები...

"ჰო, აბა, თქვენ იცით, გადაჰყევით ზედაო!" - გაიფხორა შურიანი ყვანჩალა...

"წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო!" - ჩამოარიკრიკა ანკარა წყარომ...

"ჟუჟუნა წვიმის მეტი უამინდობა არ გენახოსო!" - თეთრად გადაიპენტა ღრუბლის ფთილა...

"ჩემს გამოჩენას მუდამ დარი მოსდევს და მუდამ ნატვრას ჩამითქვამენ; ყველა სანუკვარი ნატვრა აგსრულებოდესო!" - ცარგვალზე შვიდფრად ალიცლიცდა ცისარტყელა...

"სასახელო გაზრდილიყავი, განგების მადლმა და ძალმაო!" - საამოდ აწკრიალდნენ ბროლის ზანზალაკები...

"კეთილი იყოს შენი მობრძანება და სულ სიკეთით გევლოსო!" - დაიბუბუნეს ჭაღარა მთებმა...

"მეც მრავალი 10 წელი მომელოცოსო!" - დაილოცა ათასფრად აბრიალებული გაზაფხული...

"თურმე, მარტის ერთ მშვენიერ დღეს მოვლენიაო ქვეყანას" - აციაგდა სარკმელში გამოშუქურნათებული ათინათი...

bottom of page