
ვარდის-ფერი დარდი...
.
როცა გავჩნდი, დედოფალი, შუაღამის სიზმრის ვარდად...
წვიმდა, ალბათ, დღეც და ღამეც...
მთელი ქვეყნის ცოდვა-ბრალი იღვრებოდა ციდან დარდად!
მაგრამ თვალის ახელიდან... მზის სურვილი - სუნთქვად დამყვა...
და თანაც, რომ ცისქვეშეთში მეშრიალა ასფურცელა კაბა...
სულ მესმოდა, სიზმარს მიღმა, ზენა ქარის ქროლა...
ერთხელ იმასაც დამპირდა: ხვალ - ზეგ სტუმრად მოვალ!
მოვარდა და ქშენით შემოგლიჯა კარი...
კვალად თან შემოიყოლა უკუნეთი - ჟამის!
- "აბა, როგორ გითხრა, ან როგორ გიამბო...
სურნელება შენი... აი, რარიგ მათრობს!
მაგ თვალ-წარბის ცქერით, ნეტავ, ვის დაატკბობ?!
ანდა მაინც ვისთვის გინდა აკეკლუცო სადედოფლო კაბა?!"
- "ბედისწერის მწერმა სიზმარში დამბადა...
თუ უნდოდა, სულაც ჩემთვის მედედოფლა - ალბათ!"
- "წამომყევი ქვეყნად, თვალწარმტაცო ვარდო,
გაგიტაცებ და წაგიღებ - ჩემთან სანავარდოდ!"
- "რომ წამოგყვე: ფრენა-ფრენით მომატარებ მთა-ბარს...
ან კი, როგორ უნდა ენარნაროს ვარდს... გიჟმაჟმა ქარმა?!"
- "შენ მაგაზე არ იფიქრო, არც ინაღვლო ამად;
სიყვარულმა... შლეგი ქროლა სულ მთლად დამიამა!"
ასე იყო ეს ამბავი, მაგრამ დასრულებას დავაყოვნებ...
თუნდაც წამით...
თორემ, შმაგი ქარის ბედად... დავრჩი მგონი, დედოფალი!
ლექსი ეძღვნება მაიკო ორბელიანს - და არა მარტო; საერთოდ ქართველი ქალის ფენომენს, მის რთულ სვე-ბედ-ყოფას, მაგრამ ამ შემთხვევაში, უფრო ისტორიული წარსულია ნაგულისხმები...