top of page
ლექსები / Hide  and  Seek

Hide  & Seek (Vanina  Vanini)
.

გთხოვ!
არ  მაინტერესებს,
ნუ  მეტყვი  სიმართლეს!
არ  მინდა  ვიცოდე -
რას  გარინდებულან  წარსულის  ჩრდილები -
ზეციდან  მიწამდე...

გთხოვ!
არ  მითხრა - რატომ  ვარ  გულგრილი;
არ  მაინტერესებს  სიმართლე!
ყველაფრის  ცოდნა, რიგი  და  განრიგი -
სულაც  არ  მჭირდება!
და  თუ  არ  მასწავლი: რად  უნდა  გავიქრო  იმედი,
ჩავიქრო  სინათლე,
ხომ  კარგი  იქნება...

გთხოვ!
არ  მითხრა,
ვერასდროს  ვერაფერს -
რომ  ვეღარ  დავიწყებთ  თავიდან!
არ  მითხრა,
სიცოცხლე  სიკვდილის  შემდეგ  რომ  იწყება!
მიწიერ  განსაცდელს  გადავყრი  ფანჯრიდან...
ზეციურ  სურვილებს  ვერ  შევცვლი  ისედაც!

გთხოვ!
ნუ  მეტყვი,
სად  რეკენ  დროების  ზარები...
იმასაც  ნუ  მეტყვი,
რაზე  სდუმს  ჩამქრალი  სანთელი...
თარიღის  შეცვლა  თუ  გარდაქმნა, რომ -
შეუძლებელი  ყოფილა  რატომღაც!
(არ  მაინტერესებს  რა  მოხდა)...

გთხოვ!
ნუ  მეტყვი!
არ  მაინტერესებს,
საით  მიდიხარ, საითკენ  მიექანები!
(რას  შეეწირები  გვემა - წამებით)...
მინდა, რომ...
აისებს  ყოველდღე  ვხვდებოდეთ...
უღრუბლო  დაისებს... მინდა, რომ  ყოველდღე  ველოდეთ!

გთხოვ!
არ  მითხრა,
თუ  ბორკილის  მოგიწევს  ტარება,
რადგანაც  დასჯილთა  ჩაგესმის  ვაება!
მინდა, რომ  მომიყვე:
გიტარის  ჰანგები  რა  ტკბილად  აძინებს
თეთრფრთიან  ხომალდებს...
და  ქაფქაფა... მზედაკრულ  ნაპირებს...
___
გთხოვ!
არ  მაინტერესებს,
ნუ  მეტყვი  სიმართლეს!

bottom of page