top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / სიყვარულის  გარდაცვალება (სიყვარულისგან  მკვდარი)

Federico  Garcia  Lorca / Muerto  de  amor
ფედერიკო  გარსია  ლორკა / სიყვარულის  გარდაცვალება
(სიყვარულისგან  მკვდარი)
.
- ეს  რა  ანათებს, ნეტავ, შორიდან:
ამსიმაღლე  და  ასე  კაშკაშა?
- უკვე  თერთმეტი  საათი  გამხდარა, შვილო,
დროა  დაუშვა  ფარდები, დაკეტო  დარაბა!
- ოთხი  კოცონი  ანთია, მგონი:
მონუსხულივით  ვერ  მომიშორებია  თვალი!
- ალბათ, სპილენძის  ჭურჭელს  თუ
აპრიალებენ  ამ  გვიან  ღამით!

შავლეგა  ცაზე... მრუდედ  გამოფენილიყო,
განმგმირავი  ტკივილისგან  ფერმიხდილი,
ნივრისკბილა  მთვარე -
ყვითელ  სამრეკლოებს
ქერა  კულულებს  რომ  აპნევს...
ქუჩებში  კი,
ფეხაკრეფით, დაიპარებოდა  შუაღამე...
მხოლოდ  დაკეტილ  დარაბებთან
მშფოთვარებდა - ბორგვით!
თან  დასდევდა  გაავებული  ყეფა,
ძაღლების  ხროვის!

და  ღვინის  ქარვისფერი  სუნი -
ღამეულ  დერეფნებს  რომ  ირიბად  სერავდა...

ქარის  ნესტიანი  ქროლა
და  ხრინწიანი  ჩურჩული  ჩრდილის,
ღამის  ძირძველი  თაღის  ქვეშ,
უეცრად, გაღვიძებულ  შიშს
გულგრილად  თესავდა!

ხარები  სთვლემდნენ,
ვარდები  იხრჩობოდნენ  მირონში,
და  მხოლოდ, ფანჯრის  მიღმა,
ოთხი  სხივი  იფრქვეოდა - ცეცხლად,
როგორც  მრისხანე  წმინდა  გიორგი!

უმანკო  ყლორტებს  მოეწყინათ  სულ  მთლად...
სისხლი  კი,
უგულოდ, ფატრავდა  ძარღვებს:
მოწყვეტილი  ყვავილებივით - ჩუმად,
ნორჩი  სხეულებივით - მწარედ!
ჭაღარა  მდინარეები  მიდუდუნებდნენ,
აცრემლებულნი,
დანისლული  მთების  უმძიმესი  ტონით
და  გაქვავებულ  წამში  იხლართებოდნენ
ბგერების  ნაფლეთები, ნარჩენები  დროის!

კედლების  და  აივნების  ჩრდილებისგან
ღამე  იდგა  კუთხოვანი, თეთრად  ამო...

ანგელოზები  ფორიაქობდნენ!
ბოშები  აკვნესებდნენ  გარმონს!

- მე  თუ  მოვკვდები, დედა,
ნეტავ, ვინ  გამიგებს  ამას - ამქვეყნად?
ტელეგრამები  ლურჯი,
შენ   გაუგზავნე.
სამხრეთიდან  ჩრდილოეთამდე, ყველას!

შვიდგზის  კვნესამ -
შვიდი  ჭრილობა  ალისფრად  ააკვნესა!
შვიდი  ველური  ყაყაჩოს  ბრიალმა,
გაცრეცილი, დაბზარა  მთვარეები -
სიბნელით  გადაჭედილ  ოთახებში...
და  წამახული  ნაწიბური - მოკვეთილი  ხელის,
აბურდულ  თმაში  ჩაწნული
გვირგვინი  ყვავილების!

ერთი  ღმერთმა  უწყის:
სად  გადმოხეთქა  ცრუ  ფიცის  ზღვამ
და  როგორ  ჩამოიქცა  ზეცა,
გამაყრუებელი, გრიალ - თქეშით...
თუ  რა  მოხდა, რაც  მოხდა  მაშინ,
როცა  ღამის  ჭერმაღალ  დარბაზებში
ტიროდა  ცეცხლი!

ფედერიკო  გარსია  ლორკა / სიყვარულის  გარდაცვალება (სიყვარულისგან  მკვდარი)

"ყველაზე  სევდიანი  სიხარულია: იყო  პოეტი!
დანარჩენი  არაფერია  სათვალავში  ჩასაგდები...
და  მათ  შორის  სიკვდილიც!
მე  თვითონ  კი,
როცა  ჩემი  დრო  მოვა,
ვისურვებდი  მხოლოდ  ერთს - დარჩენას!
რომ  ჩემი  სხეული  დამარხონ  ბაღში...
და  თუ, რადგანაც, არ  მიწერია  ზეცა -
(ბოლოს  და  ბოლოს, ზეცაში  რა  დამრჩენია?!)
დაე, ვიქცე  მიწად!" / ფედერიკო  გარსია  ლორკა

bottom of page