top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / სოლედად  მონტოიას  აჩრდილი (შავი  ნაღველის  რომანსი)

.
მამლები  განთიადს  უხმობენ...
ყივილმა  ცისკარი  დახია...
და  ამ  დროს  სოლედად  მონტოია
ეშვება  მთის  დამრეც  კალთიდან...
ნისლის  და  ბალახის  სურნელი,
ნათება, ოქროსფრად, აჩრდილის...
კვნესით  ედარდება  განცდილი,
მკერდში  კი, დაშნა  აქვს  გაყრილი!

- ამ  ბინდში  ვის  ეძებ, სოლედად...
ან  შავი  ღამისგან  რა  გინდა?

- შენ  რაღას  მიპოვი  დანაკარგს!
დავეძებ, რასაც  რომ  დავეძებ:
ჩემს  თავს  და  ალისფერ... განთიადს!

- ოჰ, სოლედად, შენ  ჩემი  დარდი  ხარ!
ცხენები  ელოდონ  განსაცდელს...
შუადღით  ზღვა  თუ  კვლავ  გაცოფდა...
ნაპირებს  მოლეკავს  გაღმიდან!

- ნუღარ  გამახსენებ  ზღვას!
და  მისი  უძირო  სტომაქის,
ბნელი  სამარის  სიცივეს...
შავი  ნაღველის  ღვარძლს!

- ოჰ, სოლედად, შენ  ჩემი  დარდი  ხარ!
მწარეა  ეგ  შენი  ნამღერი
და  ცრემლი - ტკივილის  ნალექი!

- ჩემი  ჯავრია  ასეთი:
მირბის  და  კედელს  ეხლება!
ნაწნავად - დაბლა  ეშვება,
მიიკლაკნება  მიწაზე,
საწოლს  გარშემო  ეხვევა!
სევდად  დავდივარ  ასეთი:
შავი  სამოსი  მაცვია!
ამ  ჩემი  კაბის  მაქმანი,
ბედკრულ  ვაების  დარია!

- ეს  დილის  ცვარი  იპკურე;
ჯავრი  ვითომც  არ  გქონია!
ტანჯული  შენი  სული  კი,
იმშვიდე, სოლედად  მონტოია!

მდინარეები... ზეცას  გადადიან,
ტოვებენ  ღრუბლების  კვალს!
დილა, კვლავ, გვირგვინს  იდგამს
წითური  აისის  მსგავსს!
ბოშათა  დიდო  ნაღველო,
ობლობის  სიმწარე  შეუნდე  ცას;
დავიწყებული  ჭეშმარიტების  ფასი
და  გადავიწყებული  ხსნა!

 

Federico  Garcia  Lorca / El  Romance  de  la  pena  negra
ფედერიკო  გარსია  ლორკა / სოლედად  მონტოიას  აჩრდილი
(შავი  ნაღველის  რომანსი)

 

*სოლედად: ესპან. მარტოობა

"ციკლში, "ბოშური  რომანსერო", არის  მხოლოდ  ერთი  პერსონაჟი: კაეშანი!
უზარმაზარი  და  მუქი, როგორც  ზაფხულის  ცა, რომელიც  იტევს  თავის  არსში  ყველაფერს!
კაეშანი, რომელსაც  არაფერი  აქვს  საერთო: არც  სევდასთან, არც  ტანჯვასთან, არც  სხვა  რომელიმე  სულიერ  განცდასთან (ეს  უფრო  ზეციური  გრძნობაა, ვიდრე  მიწიერი)...
ანდალუსიური  კაეშანი  არის  ბრძოლა  გონებისა  და  სულისა  საიდუმლოსთან, რომელიც  მათ  გარს  ახვევია  და  რომლის  ამოხსნაც  მათ  ძალას  აღემატება!
ამრიგად, "შავი  ნაღველის  რომანსი" ყველაზე  სახასიათო  ლექსია "ბოშური  რომანსეროსთვის"" / ფედერიკო  გარსია  ლორკა

 

bottom of page